„ევროპა უნდა „მოვიდეს“ საქართველოში და არა ჩვენ წავიდეთ ემიგრაციაში ევროპაში“ – ამბობს საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მან „რუსული კანონის“ საქართველოში ამოქმედება „რუსული მოდელის დამკვიდრების მცდელობად“ შეაფასა და დასძინა, რომ ამ ძალიან საშიშ ფაზას, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, მოსახლეობაც კარგად იაზრებს.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის რისკის ქვეშ დაყენების სიმწვავეს მოსახლეობაც კარგად იაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ყველა ხმამაღლა ვერ გამოხატავდეს საკუთარ პოზიციას.
„როცა სახელმწიფო დაფინანსებაზეა მიბმული უამრავი ადამიანი და დასაქმების სხვა წყარო არაა, როცა ოჯახის მარჩენალი პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფო სექტორთან, ამ სიტუაციაში რეალობისთვის თვალის გასწორება და სიმართლის თქმა გაძნელებულია. ეს კარგად მოფიქრებული ოპერაციაა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს იაზრებს და რაც არ უნდა საპირისპირო მოსაზრება გამოხატოს ოფიციალურად, ვფიქრობ, გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ საქართველოს მომავალი სხვაგან არის - თავისუფლებაშია, ეკონომიკურ სიძლიერეშია და ეს ყველაფერი ევროპაშია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ევროპა უნდა „მოვიდეს“ საქართველოში.
"როცა ხვალინდელი დღის იმედი არ გაქვს, როცა ეკონომიკური გაჭირვება მოგდევს ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა თავს იკლავ და შრომობ, მაგრამ დაზღვევის ფული მაინც არ გაქვს, ოჯახის გამოკვების ფული მაინც არ გაქვს, კარგი განათლების ფული მაინც არ გაქვს, გასაგებია, რომ ადამიანები მიდიან ევროპაში - პოლონეთში, იტალიაში, საბერძნეთში - იქ, სადაც შრომა დაფასებულია, მაგრამ ევროპა უნდა მოვიდეს აქ და არა ჩვენ წავიდეთ ემიგრაციაში. ევროპაში უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ უკეთესები, მაგრამ საქართველოც უნდა გავხადოთ უკეთესი“, - აღნიშნა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლების შენარჩუნებაში, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში თუ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და თქვა, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, პარტნიორებთან თანამშრომლობა „აღარაა ლაღი“.
„ჩვენ აქამდე არ ვფიქრობდით და თითქოს არ ვაფასებდით ბევრ რამეს - ახალი ავტობუსი რომ დადის გორში, ახალი ავტობუსები რომ ჰყავს თბილისს, მაგისტრალები რომ შენდება ქვეყანაში და ა.შ. ეს ყველაფერი EBRD-ის თუ მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების შეღავათიანი კრედიტით კეთდება ეს ყველაფერი და თუ ეს „ჰაერი“ გადაიკეტა და დახმარების გარეშე დავრჩით, როგორ ვიქნებით?! საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნაში გვჭირდება პარტნიორები და ევროინტეგრაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება - ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს {26 ოქტომბერს}. ჩვენ ვიქნებით ევროპა, რომელიც არის სტაბილურობა, კეთილდღეობა, ღიმილი, შრომა და შრომის ადეკვატური დაფასება“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.