მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მივცემ - აკაკი ზოიძე

კაკი ზოიძე

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე რამდენიმე ოპოზიციური პლატფორმის შექმნას მიესალმება და მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ტიპის ამომრჩეველს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნან, რას ნიშნავს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა და რას - ოპოზიციის მხარდაჭერა. თავად კაკი ზოიძე „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას არ აპირებს, მაგრამ 2016-2019 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრი არც „ოცნების“ მხარდაჭერას აპირებს და ამის მთავარი მიზეზი „რუსული კანონი“ და მის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვაა. „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მივცემ“ - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.

- ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტი არსებობს - ინფორმირებული ამომრჩეველი, ნაკლებად ინფორმირებული და არაინფორმირებული ამომრჩეველი. ოპოზიციის მთავარი ამოცანაა - ყველა ტიპის ამომრჩეველს მის ენაზე ესაუბროს ანუ ინფორმირებულ ამომრჩეველს - პოლიტიკურ პლატფორმებზე, იდეოლოგიებზე, ღირებულებებზე და ა.შ. რაც შეეხება არაინფორმირებულ ამომრჩეველს, რომელსაც მმართველი პარტია ეუბნება, რომ ერთ მხარეს არის „ომის პარტია“, მეორე მხარეს კი - „მშვიდობის პარტია“ ანუ „ქართული ოცნება“, ვინც საქართველოზეა გადამკვდარი და ერთადერთი მშვიდობის პარტიაა, ხოლო ყველა დანარჩენი არის დასავლეთის აგენტები, ომის პარტიის წარმომადგენლები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ოპოზიციამ ასეთ ამომრჩეველს უნდა აუხსნას და მარტივად გაარკვიოს, რას ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა. კარგია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პლატფორმა შეიქმნა. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ცენტრები იდეოლოგიის და ფასეულობების ან ისეთი ადამიანების გარშემო უნდა შეიკრიბონ, რომლებიც ახალ ძალას წარმოადგენენ. დღეს ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს... ღმერთმა დამიფაროს ოდესმე გავხდე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი.

- „ქართულ ოცნებას“ მისცემთ ხმას?

- ამ შემთხვევაში, პირველად შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ „ოცნებას“ ნამდვილად არ მივცემ ხმას. იმ „ქართულ ოცნებისთვის“, რომელსაც მე ხმა მივეცი, არავის მიუცია მანდატი, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაეხვია, ამიტომაც „ქართული ოცნება“ ჩემთვის ლეგიტიმური აღარ არის.

- ბევრი ფიქრობს და მოიქცევა თქვენნაირად ანუ ვინც „ოცნების“ მხარდამჭერი იყო, მაგრამ წელს აღარ მისცემს ხმას...

- ნაწილი იფიქრებს... და ისინი ეცდებიან, მოძებნონ ისეთი ოპოზიციური პარტია, ვინც მართლა არაა „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, როგორც კი, ცხვრის ტყავებს მოიცვლიან, რას იზამენ, თუმცა ყველა არა...

- კოალიციური მთავრობაც იმიტომ გვინდა, რომ ყველა თავის ტყავში დარჩეს და ბალანსი იყოს... ერთპარტიულმა ხელისუფლებამ რა მოგვიტანა, ვხედავთ...

- შეიძლება... მე იმის თქმა მინდა, რომ არ არის არჩევანი ავტომატურად „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. არსებობს ზომიერი, უფრო მეტად ადამიანების ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, რომლებიც თუ სწორი კომბინაციით დალაგდებიან დ სწორ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ, შეძლებენ, დამატებით 200-300 ათასი ადამიანის გამოყვანას არჩევნებზე, იმ ადამიანების, ვინც წელს პირველად აძლევს ხმას... მათი განწყობები მეტ-ნაკლებად ცნობილია. ისინი არ არიან „ოცნების“ ამომრჩეველი. ოპოზიციის მთავარი ამოცანა ესეც უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს, ამ ადამიანების არჩევნებში მონაწილეობას. ასევე, იმ მოქალაქეების არჩევნებზე წასვლას, ვინც „მაინც არაფერი შეიცვლებას“ მიზეზით არ დადიოდნენ არჩევნებზე; საერთო ჯამში, თუ 200 000-300 000 ადამიანით მეტი ადამიანი წავიდა არჩევნებზე, ისინი მერე სხვა პოლიტიკურ ბალანსს შექმნიან, თუნდაც იმ ერთგული ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზების ფონზე, რომელსაც ორივე პოლუსი {ოცნება & ნაცმოძრაობა} შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები