მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე რატომ ვარ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი?!" - რას პასუხობენ "ოცნების" წევრები აკაკი ზოიძეს

აკაკი ზოიძე

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგის მიუხედავად, 26 ოქტომბრის შემდეგ, „ოცნება“ ანტიევროპულ რიტორიკას შეიცვლის.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც ღიად თქვა, რომ „ოცნებისთვის“ ხმის მიცემას არ აპირებს.

„ოცნებას“ ნამდვილად არ მივცემ ხმას. იმ „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც ხმა მივეცი, არავის მიუცია მანდატი, ევროინტეგრაციის გზიდან გადაეხვია“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი.

აკაკი ზოიძეს მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნება“ „რუსული კანონის“ დღის წესრიგში დაბრუნებით ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს და რუსეთის კვალს ნაკლებად ხედავს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ძალიან რისკიან თამაშს აწარმოებს.

„შეიძლება, {ოცნებამ} დაიწყოს ახსნა, რომ იცით, დროებითი „ჩაბნელება“ დაგვემართა, მაგრამ შესაძლოა, მერე პარტნიორები აღარ გვენდონ. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგიდის მეორე მხარეს იჯდეს გამდიდრებული პოლიტიკური სპექტრი, რომლის მიმართაც დასავლელ პარტნიორებს ექნებათ მეტი ნდობა, ვიდრე დღეს „ქართული ოცნების“ მიმართ აქვთ“, - თქვა ყოფილმა პარლამენტარმა.

აკაკი ზოიძე იმ VIII და IX მოწვევის დეპუტატებს შორისაა, ვინც მოქმედ პარლამენტარებს „რუსული კანონის“ გაწვევისკენ საჯარო განცხადებით მოუწოდა, მაგრამ დღეს ამბობს, რომ იმ ტექსტს „სიმბოლური დატვირთვა“ ჰქონდა.

- ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ამ {რუსულ} კანონს გამჭვირვალობასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ეგ რომ ყოფილიყო მიზანი, მარტივად შეიძლებოდა შეგვექმნა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების რეესტრი, მაგრამ არა, მაინც და მაინც უნდა დავარქვათ აგენტი ან/და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაო. მე რატომ ვარ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი?!

- „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, მოქმედი დეპუტატებისთვის, არ დაგისვამთ ეს კითხვა? საინტერესოა, რას გპასუხობენ...

- გპასუხობენ, რომ დიდი ამბავი, შენ ხომ პიროვნულად არ გარქმევთ {უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს}... ინდივიდებს არ ეხება ეს კანონი და ა.შ. მაგრამ ამას თავი დავანებოთ - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ კანონით დასავლელი პარტნიორებისგან მტრის ხატი შევქმენით, თორემ კანონმდებლობაში ჩაგვეწერა, რომ ის შეეხებოდა მტრულად ან არამეგობრულად განწყობილი ქვეყნებიდან დაფინანსების მიღებას... ასე რომ იყოს, არ მექნებოდა პრობლემა, რადგან მართლა უცხოური ინტერესების გამტარებელი ხარ, თუ დაფინანსებას იღებ ასეთი ქვეყნებიდან.

- როგორ ფიქრობთ, 84 დეპუტატიდან წელს ვერცერთმა რატომ ვერ გაბედა წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა?

- ვინც გამბედავი იყო, გაბედა და ვნახეთ, რომ მათ შარშან დატოვეს პარლამენტი. იქამდეც ვიღაცებმა დავტოვეთ ზოგმა პარლამენტი, ზოგმა - „ქართული ოცნება“...

- დავიჯეროთ, რომ 84-ვე დეპუტატმა მშვიდად მისცა ხმა „რუსულ კანონს“?

- მათ ალბათ ულტიმატუმს წაუყენებდნენ, რომ ან ჩვენთან ხარ და მწვანე ღილაკზე დაჭერა არის შენთვის საბუთი, რომ ჩვენიანი ხარ, თუ არადა შენ არ ხარ ჩვენ გუნდის წევრი...

- რა არის „ქართულ ოცნებაში“ თუ ძალაუფლებაში ასეთი ტკბილი?

- ბევრი რაღაც... ზოგადად, ძალიან საინტერესოა ძალაუფლების ანატომია. გგონია, რომ უკეთესს გააკეთებ ქვეყნისთვის, ვიდრე - სხვა. მერე საკუთარი თავის თვითგამართლება მიდის - მე ხომ მართლა არ ვარ ასეთი?! მე ხომ კარგი ადამიანი ვარ და როგორ შეიძლება მოღალატე დამარქვან?! ასე მიდის თავის დაჯერება და თან იმ წრეში ტრიალებ, რომელიც ასევე გარწმუნებს, რომ სწორი ხარ... ყველას თავისი ბაბლი ჰყავს და ასეა „ქართული ოცნებაც“ - მასაც საკუთარი ბაბლი ჰყავს და მიიჩნევენ, რომ ერთადერთი პატრიოტები არიან...

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- განათლება. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის განათლება გვაქვს პირველი რიგის ამოცანად, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- პოლიტიკურ კორუფციას და იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები