კანონპროექტი „იარლიყების მიწებების შესახებ“ - საგადასახადო კონსულტანტი ირაკლი შავიშვილი შარშანაც და წელსაც ასე მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ მიერ უკვე პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის უკან გაწვევას საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე დღეა რუსთაველზე პროტესტის გზით ითხოვენ და ანალოგიურისკენ მოუწოდებენ მმართველ ძალას საერთაშოორისო პარტნიორები.
„ლოგიკა არ მესმის, რა საჭირო იყო ხელმეორედ ამ კანონის შემოტანა. ერთადერთი ახსნა მაქვს, რომ წინასაარჩევნოდ სჭიდებათ, ვიღაცებს აგენტი დაარქვან და მერე ხალხს უთხრან - „აი, ეს აგენტია და ამის როგორ უნდა დაიჯერო“. ეს მყარი და კარგი ლოგიკა არაა, მაგრამ სხვა ლოგიკას ვერ ვპოულობ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ირაკლი შავიშვილის თქმით, „ხელისუფლება ამ კანონის გარეშეც სრულად აკონტროლებს საქართველოში მოძრავ თითოეულ თეთრს, ცენტსა თუ ტუგრიკს და ზუსტად იცის, ვინ, ვის, როდის, რამდენი და რა მიზნით გადაუხადა, მაგრამ ოპონენტებთან სიტყვიერ დებატ-შოუებში ამ ინფორმაციას ვერ იყენებს, რადგან შესაბამისი კონსტიტუციური, საგადასახადო, სამოქალაქო, საბანკო, პერსონალურ მონაცემთა შესახებ და სხვა კანონმდებლობით ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
„ამ ინფორმაციის გამჟღავნება, მათ შორის პირადი თუ პოლიტიკური სარგებლის მისაღებადაც, კანონით ისჯება, ამიტომ ხელისუფლებას სურს, ეს ბარიერი ამგვარი ხერხით დაძლიოს და ოპონენტებს, თუ ძალიან „გაუხურებენ“, უთხრას - „მოკეტე, შე აგენტო“-ო. ოპონენტიც “მოკეტავს”, რადგან თავად ექნება ნათქვამი, აგენტი ვარო, ხოლო რადგან ოპონენტი შეიძლება იყოს ქართული ყურძნის ჯიშების შემსწავლელი ორგანიზაციაც და ეფესბეს მიერ დაფინანსებულიც, ყველას ერთ ქვაბში ხარშავს“, - აცხადებს ირაკლი შავიშვილი.
საგადასახადო კონსულტანტმა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვრცლად აღწერა, რატომ არაა ამ კანონის ნამდვილი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტების ხარჯვის მიზნობრიობის გამჭვირვალობა.
ირაკლი შავიშვილის თქმით, კანონპროექტი „იარლიყების მიწებების შესახებ“ სხვა ქვეყნების (მათ შორის, რუსეთის) კანონებთან შედარებით ცინიკურობითაც გამორჩეულია.
„1. საქმე ისაა, რომ უცხოურ კანონებში (მათ შორის, რუსულშიც), ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, პირის აგენტად რეგისტრაციის ინიციატორად ხელისუფლება გამოდის, ჩვენს პროექტში კი, ინიციატორი თავად „აგენტობის კანდიდატია“. ცინიკური კი ამაში ისაა, რომ პირს ამ „ინიციატივის“ გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ აქვს - საკუთარ განცხადებას ხომ არ გაასაჩივრებს?! კურდღლის და აქლემის ანეკდოტიც კი აზრს კარგავს, როცა კურდღელი თვითონ იჩემებს აქლემობას.
2. თუმცა გასაჩივრების ერთი შანსი პირს მაინც აქვს, ოღონდ ეს, სულ ცოტა, 25'000 ლარი დაუჯდება - ვიღაცას უნდა დააბეზღებინოს საკუთარი თავი: „აგენტია და რეგისტრაცია არ გაუვლიაო“ და მას შემდეგ, რაც შესაბამისი მონიტორინგის სამსახური მას იძულებით დაარეგისტრირებს და თანაც 25'000 ლარით დააჯარიმებს, ეს გაასაჩივროს. ეს არ არის ცინიკური?!
3. ცინიკურია თავად დაბეზღების მექანიზმის არსებობაც პროექტში.
4. საერთოდ არ არის აღწერილი, რა ხდება, თუ „აგენტობის კანდიდატი“ წარადგენს განცხადებას, მაგრამ მარეგისტრირებელი აღმოაჩენს, რომ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს. ხარვეზიანი კი არ არის, არ აკმაყოფილებს! მაგალითად, მის მიერ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება მთელი დაფინანსების 10 პროცენტია. „ჩვენ გულკეთილები ვართ და უარს არავის ვეუბნებით“, თუ როგორ არის საქმე?!
5. არც ისაა აღწერილი, რა ხდება, თუ დადგენილ ვადებში მარეგისტრირებელმა არც დაახარვეზა დოკუმენტაცია და არც დაარეგისტრირა?! დუმილი თანხმობის ნიშანია (ანუ ავტომატურად რეგისტრირებულად ითვლება) თუ უარყოფის?! ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ნიშნავს, მაგრამ საწინააღმდეგო ანალოგიებიც მრავლადაა. ჰოდა, როგორ იქნება ეს ამბავი?“, - რიტორიკულ კითხვებს სვამს ირაკლი შავიშვილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს - შეეხება თუ არა „რუსული კანონი“ ფიზიკურ პირებს - მართალია, მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ მხოლოდ იურიდულ პირებს ეხება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.
„პროექტი სხვა კანონებთან შედარებით მსუბუქია და იგი არ ეხება ფიზიკურ პირებს“-ო, ამბობენ პროექტის ინიციატორები. ეს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ფორმატში ისეთივე აბსურდია, როგორც უყველო ხაჭაპური ან ულანჩო ფეხსაცმელი. ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, ინიციატორებს უკვე მზად აქვთ ცვლილებების პროექტიც, რომელსაც კანონის მიღების შემდეგ რამდენიმე დღეში შეიტანენ. ეს ნაწილი, ჩემი აზრით, შეგნებულად არის გამოტოვებული ხალხის მოსათაფლად, თორემ იურისპრუდენციის ისეთი „მეტრები“, როგორებიც ხელისუფლებაში არიან და ვინც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ პროექტზე მუშაობს, ასეთ ლაფსუსებს, უბრალოდ, არ უშვებენ. არც ეს არის ცინიკური?!“, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.
ქართულმა ოცნებამ“ "რუსული კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. "რუსულ კანონს" საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ.