საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, „რუსული კანონის“ ამოქმედების გამო შელახული საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენა ქართველი ხალხის ხელშია. „შეიძლება, ერთ დღეში გამოსწორდეს ყველაფერი, არჩევნების დღეს“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა იყოს ძალიან მაღალი. "არჩევნების დღეს სახლში არ უნდა დავრჩეთ", - ამბობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი წევრი.
ივანიშვილს პოზიტიური დაპირებების გაცემაც არ შეუძლია, მისმა სიტყვამ ფასი დაკარგა - თამარ ჩუგოშვილი
„წერტილის“ წამყვანმა თამარ ჩუგოშვილს კითხვები „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის განახლების რესურსსა და ასევე, „რუსული კანონის““ მხარდამჭერი 84 დეპუტატის საარჩევნო სიაში დარჩენის შანსებზეც დაუსვა.
- ზოგი იქნება სიაში, ზოგი - არა. „ქართული ოცნება“ დაცლილია ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. იქ არ არის, არცერთი დეპუტატი, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად გაიაზროს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად იმოქმედოს. ასეთი ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და ახლა აღარ არიან. „რუსული კანონზე“ ვეტოს დაძლევის კენჭისყრამ ეს ყველაფერი დაამტკიცა. ვფიქრობ, არცერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს და რომელსაც ამ ქვეყნის მომავალი ადარდებს, არ დაუშვებს და ვერ დაუშვებს, რომ მისი სახელი დაკავშირებული იყოს იმ ძალასთან, რომელმაც უნდა გადახაზოს საქართველოს ისტორიული არჩევანი და ამას არც მალავს. ამდენად, არ ვიცი, „ქართულ ოცნებაში“ იქნება თუ არა განახლება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, წარმოდგენა გამინულდება, როგორც კი {ქართული ოცნების} სცენაზე ვნახავ.
- „რუსული კანონის“ მხარდამჭერ 84 დეპუტატს შორის, ყველაზე მეტად ვისგან გაგიკვირდათ მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერა?
- კონკრეტულად ვერ ვიტყვი...ყველაზე მიუღებელი საქციელი იყო იმ ადამიანებისგან, ვისაც უშუალოდ ევროინტეგრაცია აბარია - გვაქვს ევროინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილე, წევრები და ყველას ხელფასს ვუხდით იმაში, რომ საქართველო დაახლოოს ევროკავშირს და ამის ნაცვლად მიიღეს კანონი, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხა და მაინც, ეს ხალხი უტიფრად გვეუბნება, ეს რა გვაკადრეთო...
- როგორ ფიქრობთ, რა არ ეთმობა ყველაზე მეტად იმ 84 დეპუტატს და ასე რატომ ეტკბილებათ ძალაუფლებაში ყოფნა, თან ეს ხომ ჩვეულებრივი კანონი არ იყო?
- ჩვეულებრივი კანონი ნამდვილად არ იყო და ეს მათ კარგად იცოდნენ. ისიც კარგად იცოდნენ, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესს გააჩერებდა. რა არ ეთმობათ?! სხვა ადამიანების მოტივაციებზე საუბარი ძნელია, მაგრამ ფაქტი ხომ სახეზეა - ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც საჯაროდ განაჩენი გამოუტანეს ქვეყნის ისტორიული არჩევანისკენ სვლას, მაგრამ ვერ შეძლებენ {არჩევანის შეცვლას}, რადგან ეს ქართველი ხალხის ხელში და მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს, საქართველოს იმიჯი არის უკიდურესად შელახული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ითვლებოდა თითით საჩვენებელ რეფორმატორ ქვეყნად, რომელიც ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, საოცრებებს ახერხებდა. დღეს კი, საქართველო არის თითით საჩვენებელი ცუდი მაგალითი.
- ხელისუფლების შემთხვევაშიც, რამდენად რთული იქნება შელახული რეპუტაციის სწრაფად აღდგენა?
- საქართველოს რეპუტაციის აღდგენა ქართველი ხალხის ხელშია. ერთ დღეში - არჩევნების დღეს შეიძლება გამოსწორდეს ეს... ერთ დღეში, შეიძლება, ყველა პარტნიორმა დაინახოს, რომ როცა ქართველმა ხალხმა გაიაზრა, რომ მისი ხელისუფლება გადავიდა ევროინტეგრაციის გზიდან, მაშინვე დააბრუნა ქვეყანა სწორ გზაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძლავრი გზავნილი იქნება, რომ უფრო ძლიერ გზავნილს გავაგზავნით, ვიდრე ყველა ის რეფორმა, რასაც წლებია ვაკეთებთ...
- ისეთივე ეფექტური და ეფექტიანი გზავნილი იქნება, როგორც მრავალათასიანი პროტესტი „რუსული კანონის“ გამო?
- დიახ. ის პროტესტი იყო მნიშვნელოვანი იყო და როგორც ქვეყანას, სახე შეგვინარჩუნა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყანა არის ის, ვინც ჰყავს ხელისუფლებაში...
- „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ თქვა „წერტილში“, რომ არჩევნების შემდეგ, არ გვექნება ორი საქართველოს ფუფუნება, იქნება ერთი დასკვნა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებზე აქტიურობა...
- აბსოლუტურად ვეთანხმები. ძალიან სწორი შეფასებაა.