მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFC-იმ "საქართველოს კაპიტალის" $150-მილიონიან ობლიგაციაში $10 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

IFC
BM. GE
09.08.23 19:14
76

კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების და სათბურის აირების ემისიის შემცირების ხელშესაწყობად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC)  სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა და 10 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული 150 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების ხუთწლიან ემისიაში. ეს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ობლიგაციების უდიდესი ემისიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

ობლიგაციების ემიტენტი სს „საქართველოს კაპიტალი“ სხვადასხვა, მათ შორის, საბანკო, საცალო ფარმაცევტულ, დაზღვევის და განახლებადი ენერგიის სექტორებში დივერსიფიცირებული პორტფელის მქონე ადგილობრივი საინვესტიციო ჰოლდინგია. მოსალოდნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ტრანზაქცია ხელს შეუწყობს „საქართველოს კაპიტალს“ და მის პორტფელში შემავალ კომპანიებს, რომ 2027 წლისთვის სათბურის აირების ემისია  20 პროცენტით შეამცირონ.

„საქართველოს კაპიტალი“  და მის პორტფელში შემავალი კომპანიები დასახულ მიზნებს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვით მიაღწევენ. აღნიშნული მოიცავს ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემების შეცვლას ენერგოეფექტური ელექტროგათბობის გადაწყვეტებით, ელექტრომობილების გამოყენებას და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს  საქართველოს შეასრულოს ქვეყნისთვის განსაზღვრული მოთხოვნები - 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების ემისია (1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა: „გამოწვევებით აღსავსე გლობალური საკრედიტო ბაზრების მიუხედავად, ჩვენ წარმატებით შევაფასეთ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ობლიგაციების უდიდესი შეთავაზება საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხარდაჭერის პირობებში. IFC-ის მიერ მხარდაჭერილი ეს ემისია გადამწყვეტია საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და გაცილებით მდგრად და დეკარბონიზებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის.“

მისივე თქმით: „ობლიგაციებზე მოთხოვნა საქართველოს კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს, რომელიც მალე გახდება სს „საქართველოს კაპიტალისა“ და ჩვენს პორტფელში შემავალი კომპანიებისთვის კაპიტალის მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო.“

გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების და სურსათსა და ენერგომატარებლებზე მზარდი ფასების ფონზე IFC-ის, როგორც სტრატეგიული ინვესტორის როლი, ხელს შეუწყობს პოტენციური კერძო ინვესტორების მოზიდვას და  მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მნიშვნელობის დასტურია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების ეტაპზეა, ეს ინვესტიცია საქართველოს კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას და მდგრადი პრაქტიკის განვითარებას წაახალისებს.

 

როგორც სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა ივანა ფერნანდეს დუარტემ განაცხადა, „აღნიშნული ობლიგაციები სწრაფად მზარდი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტია და გლობალური მდგრადი განვითარების მხარდას ისახავს მიზნად. საქართველოში ობლიგაციების ეს ემისია სამაგალითო იქნება რამდენიმე თვალსაზრისით, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების მეშვეობით გარემოს დაცვის ზომების გატარების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრანზაქცია კატალიზატორის როლს შეასრულებს  და დაეხმარება კომპანიებს მიუახლოვდნენ ნახშირორჟანგის ნულოვანი გამოფრქვევის სამიზნე მაჩვენებლებს, რაც ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა იქნება.“

საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი ობლიგაციების ემისია შეესაბამება კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპებს და მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს.

IFC-ის ინვესტიცია ამ ობლიგაციების ემისიაში ემყარება მის წინა პროექტებს, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდასაჭერას ქვეყნის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის და მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შემუშავებაში, რასაც მოჰყვა IFC-ის სტრატეგიული ინვესტიცია საქართველოს პირველ მწვანე ობლიგაციებში, რომელთა ემისია სს საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების" მიერ 2022 წელს განხორციელდა .  

IFC-ის შესახებ

IFC მსოფლიო ბანკის  წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2022 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 32.8 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, კერძო სექტორის მიერ გადამწყვეტი როლის შესრულების ხელშესაწყობად უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად. 

სს „საქართველოს კაპიტალის“ შესახებ

სს „საქართველოს კაპიტალი“ არის პლატფორმა საქართველოში ბიზნესის შეძენის, შექმნისა და განვითარებისათვის იმ დარგებში, სადაც მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკის მუდმივი ზრდისა და დივერსიფიკაციის შედეგად სარგებლის მიღება. კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია საქართველოში შედარებით უფრო ფართომასშტაბიან საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც აქვთ საწყისი ინვესტიციიდან 3-5 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაგროვების და ინვესტიციების ვადის დადგომისთანავე გასვლის გზით მონეტიზაციის პოტენციალი. „სქართველოს კაპიტალის“ მიმდინარე პორტფელი დივერსიფიცირებულია შემდეგ სფეროებში: (i) საცალო ფარმაცევტული ბიზნესი, (ii) ჰოსპიტალური ბიზნესი, (iii) სადაზღვევო ბიზნესი (P&C და სამედიცინო დაზღვევა); (iv) განახლებადი ენერგიის ბიზნესი (ჰიდრო და ქარის აქტივები), (v) საგანმანათლებლო ბიზნესი და (vi) კლინიკების და სადიაგნოსტიკო ბიზნესი; „საქართველოს კაპიტალი“ ასევე ფლობს სხვა მცირე კერძო საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა დარგებში; 20.0% -იან წილს წყალმომარაგების ბიზნესში და 19.8%-იან წილს (12-ივლის-23) ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში შემავალ საქართველოს ბანკის ჯგუფში (PLC), რომელიც საქართველოს წამყვანი უნივერსალური ბანკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები