ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ 9 აგვისტოს გააფართოვა სანქციები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. სანქციები შეეხო ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის ქვეყნის ეროვნულ ავიახაზებს - Belavia-ს. ავიაკომპანია თბილისი-მინსკის რეისებს ყოველდღიურად ასრულებს.
Belavia-ს სანქცირებასთან დაკავშირებით BM.ge-იმ გუშინვე კითხვით მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. უწყებაში განმარტება მხოლოდ დღეს გააკეთეს და აღნიშნეს, რომ კარგად შეისწავლიან სანქციების პირობებს და ამის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთანავე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ მათ Belavia-ს 2023 წლის ივნისიდან საქართველოს მიმართულებით ამერიკული ხომალდებით (Boeing 737) ფრენა შეუზღუდეს, შესაბამისად, ამჟამად ფრენები მხოლოდ Embraer-ის ბორტით სრულდება, რომლებიც ბრაზილიური წარმოებისაა.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.
სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია „Belavia”-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.
სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია „Belavia”-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.