გასულ კვირას WizzAir პირველი ევროპული ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მომხმარებლებს €499-ს ღირებულების “All you can fly” ვაუჩერი შესთავაზა, რომლის მფლობელსაც ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის მიერ ჩანიშნული ნებისმიერი მიმართულებით ფრენა ულიმიტოდ შეეძლება. 16 აგვისტოდან კი, ვაუჩერის ღირებულება €599-მდე გაიზარდა.
ცხადია, WizzAir ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც მოგზაურებს იდენტურ ან მსგავს პაკეტებს სთავაზობს. ასეთი ავიახაზების სიას მიეკუთვნებიან: Frontier Airlines, Air Canada, Porter Airlines და სხვა. ულიმიტო ვაუჩერების მარკეტინგის ნაწილი მათი იმგვარად წარმოჩენაა, რომ მოგზაურმა ფულის დაზოგვის პოტენციალი დაინახოს, თუმცა, Euronews-ის თანახმად, ფინანსების დაზოგვის ეს ხერხი ყოველთვის არ მუშაობს.
მაგალითად, WizzAir-ის ახალი შეთავაზება ერთდროულად მხოლოდ 10 000 წევრზე ვრცელდება, რომელთა რაოდენობაც იმ აეროპორტებზე ნაწილდება, სადაც კომპანია ოპერირებს. შესაბამისად, ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორებიცაა ლონდონი, ბარსელონა, ათენი თუ პარიზი - უკვე სრულად გაყიდულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ “All you can fly” ვაუჩერს ფლობ, თუ რომელიმე, უკვე გაყიდული მიმართულებით გსურს ფრენა, WizzAir-ის მიერ ახალი საწევროების გამოშვებას უნდა დაელოდო, თუმცა კომპანია ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის და რამდენ საწევროს დაამატებს, წინასწარ არ ავრცელებს.
ამასთან, ავიახაზების შეთავაზებები ხშირად მხოლოდ Economy შეთავაზებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ €600-მდე ევროს გადახდის შემდეგ, მგზავრს კვლავ უწევს ხარჯების გაწევა თვითმფრინავში ადგილის არჩევისთვის და ბორტზე დამატებითი ბარგის ატანისთვის. ამასთან, პაკეტში გათვალისწინებული არ არის არც კვება.
ზოგიერთი ავიაკომპანიის შემთხვევაში, ვაუჩერით ფრენების დაჯავშნა მხოლოდ რამდენიმე დღით ადრეა შესაძლებელი. მაგალითად, Frontier Airlines “All you can fly” ვაუჩერის მფლობელებს საერთაშორისო რეისებზე ბილეთების დაჯავშნის საშუალებას 10 დღით ადრე აძლევს, შიდა ფრენების შემთხვევაში კი ეს დრო 1 დღემდე მცირდება. WizzAir-ის შემთხვევაში კი საერთაშორისო ფრენაზე ბილეთის შეძენა მხოლოდ 3 დღით ადრეა შესაძლებელი. შესაბამისად, ავიაკომპანიების ულიმიტო შეთავაზებები ყველაზე მეტად იმ მოგზაურებზეა გათვლილი, რომლებიც სპონტანურად მოგზაურობენ და შვებულების დასაგეგმად რამდენიმე კვირა ან თვე არ სჭირდებათ.
გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურები, რომლებიც ულიმიტო შეთავაზებებით არ სარგებლობენ, ფრენის ბილეთებს კვირებით ადრე ჯავშნიან, რის გამოც “All you can fly” ვაუჩერის ფარგლებში თვითმფრინავის ბილეთი გარანტირებული არასდროსაა.
შესაბამისად, ულიმიტო შეთავაზებების მოგებიანობა მთლიანად მოგზაურზეა დამოკიდებული. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ კონკრეტულ თარიღებში კონკრეტული ქვეყნის მონახულება გსურთ, მაშინ უმჯობესია, თუ ფრენის ბილეთებს პირდაპირ შეიძენთ. მაგრამ თუ სპონტანური მოგზაურობა გხიბლავთ, შესაძლოა “All you can fly” შეთავაზება სწორედ თქვენთვის იყოს.