მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა მეტროს ქსელის გაფართოება? - ვიცე-მერის პასუხი

6464b24d58af4
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 15:28
16818
თბილისის მერიაში დედაქალაქის მეტროპოლიტენის ქსელის გაფართოების საკითხს ჯერ არ განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტს მეტროს ქსელის გაფართოებაზე რამდენიმე პროექტი აქვს მერიას დამუშავებული, რომლის განხორციელებაც მომავალში იგეგმება, თუმცა როდის, არ აკონკრეტებს. ხმალაძემ ისიც აღნიშნა, რომ მეტროსადგურების ამოქმედება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 

„მეტროს ქსელის სხვადასხვა მიმართულებით გაფართოების პროექტის რამდენიმე ვარიანტია მომზადებული. დღეს კონკრეტული განცხადებების გაკეთება გამიჭირდება, საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. შესაძლებელია, გარკვეული დროის შემდეგ მივიდეთ პოზიციამდე, რომ რაღაც მიმართულებით გაფართოებისთვის საკმაოდ მსხვილი ხარჯების გაღება გახდეს საჭირო. დღეისთვის მუნიციპალიტეტში ეს საკითხი განხილვის ეტაპზე ნამდვილად არ არის.

სქემა, გეგმები, მიმართულებები და ლოკაციები თავის დროზე მომზადებულია. ბევრი ვარიანტია მომზადებული, რამდენიმე ვარიანტი ერგება იმ საჭიროებებს, რომელიც დღეს ჩანს მომავალში უფრო აქტიური გახდება, თუმცა დღეს ჩვენს პრიორიტეტებში ავტობუსების ბაზის გაზრდა შედის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს ქსელს ბოლოს ახალი მეტრო სადგური „უნივერსიტეტი“ 2017 წელს გაიხსნა, რომლის მშენებლობას 2 წელი და 83 მილიონი ლარი დასჭირდა. ამასთან, ახალ სადგურამდე გვირაბი გაყვანილი იყო. დღეს დედაქალაქს 23 სადგური აქვს. 1985 წლიდან დღემდე ანუ 38 წელიწადში და რამდენიმე მთავრობის პირობებში მხოლოდ 2 მეტროსადგურის გახსნა მოხერხდა.

აღსანიშნია, რომ საერთაშორისო გამოცდილებით 1 კილომეტრი მეტროს გვირაბის გაყვანა მინიმუმ 80-დან 100 მილიონ დოლარამდე ჯდება, თუმცა ეს რიცხვი პირობითია და დამოკიდებულია როგორც გვირაბის სიღრმეზე ისე ქანების გეოლოგიური აგებულებაზე, მიწისქვეშა წყლებზე და მიწის ზემოთ არსებულ კომუნიკაციებზე, რაც ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები