2022 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.9%-ით შემცირდა.
სავაჭრო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეკონომისტების მოლოდინებს. Dow Jones-ის ანალიტიკოსებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ აშშ-ის ეკონომიკა II კვარტალში 0.3%-ით მაინც გაიზრდებოდა.
საგულისხმოა, რომ მშპ-ის მოცულობა 1.6%-ით შემცირდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც, რაც უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აშშ-ის ეკონომიკა, გარკვეულწილად, რეცესიაში გადადის.
ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირების განმაპირობებელი მთავარი მიზეზი კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, გაზრდილი ინფლაციის დონე, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მაღალი საბაზო მონაცემებია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა.
9.1%-იანი ინფლაციის დასაძლევადი FED-ის აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი კიდევ სამჯერ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.
მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 3.5%-მდე გაიზარდოს, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.
გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ფედერალური რეზერვი კი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, რომელიც ერთ მხარეს ინფლაციის მოთოკვას, მეორე მხარეს კი რეცესიის თავიდან არიდებას ითვალისწინებს.




























