2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის
ბრუნვის მოცულობა 15.2%-ით გაიზარდა და 48 მლრდ ლარი შეადგინა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8%-ით მეტია.
ბიზნესის მოცულობის მიხედვით, ამ პერიოდისთვის სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8% მსხვილ ბიზნესზე, 15.2% - საშუალოზე, ხოლო 21% - მცირე ბიზნესზე მოდის. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 45.2%, საშუალოზე - 23%, ხოლო მცირე ბიზნესზე კი 31.8% მოდის.
2023 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების
მთლიანმა ყიდვებმა 26.2 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა -
16.4 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტი) შეადგინა.
რაც შეეხება ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელს, 2023 წლის II კვარტალში კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 6.1%-ით 737.7 ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან 42.9% ქალია, ხოლო 57.1% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.3% მსხვილ ბიზნესზე, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 35.9% - მცირე ბიზნესზე მოდის. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 700.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე წლიურად 25.6%-ით 4 მილიარდ 104 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.9% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზე 31.1%-იანი წილით ხელოვნება, გართობა და დასვენება, შემდეგ 7.9%-იანი წილით დამმუშავებელი მრეწველობა, 6.3%-იანი წილით მშენებლობა, 4.7%-იანი წილით ტრანსპორტი და დასაწყობება, 2.6%-იანი წილით ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებაა, ხოლო 9.5% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2023 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს ვაჭრობა (20.6%) და დამმუშავებელი მრეწველობა (19.7%) იკავებს, შემდეგ მოდის მშენებლობა (17.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.8%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2%-იანი წილი უჭირავს.
2023 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.8, 12.2 და 10%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.4%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1%), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.8%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5%) დარგის საწარმოებზეც.