რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალი გაყიდვების ზრდით დაასრულეს.
კომპანია Gtex-ში, რომელიც საცალო ვაჭრობის მიმართულებით 7 საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს, აცხადებენ, რომ მათ შემთხვევაში მეორე კვარტალში შემოსავლების მცირედი ზრდა ფიქსირდება.
თუმცა როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანა კაპანაძე BMG-სთან აღნიშნავს, რეალიზაციის ზრდის ტემპის შენარჩუნებას სხვადასხვა მარკეტინგული აქციების საშუალებით ახერხებენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა როგორც მომხმარებლის განწყობასა და მხარჯველუნარიანობაზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე ნეგატიურად აისახება.
“ზოგადად, პირველი კვარტალი ყოველთვის ცოტა მძიმე არის, მეორე კვარტალში ზრდის ტენდენცია შეინიშნება ხოლმე. მეორე კვარტალში შემოსავლის ნაწილში ძალიან მცირედი ზრდა გვაქვს. თუმცა მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზის გაკეთება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. შარშანდელთან შედარებით, უფრო აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს, ფასდაკლებებს, ბანკიდან წამოსულ აქციებს. უფრო მეტი დატვირთვით გვჭირდება ასეთი აქციების გამოყენება, რომ შევინარჩუნოთ ზრდის ტემპი. შედეგად, ეს არტყამს უკვე კომპანიის მოგებიანობას.
ჩვენს ბიზნესს, რაც ყველაზე მეტად აზიანებს, ეს არაპროგნოზირებადი გარემოა. ჩვენ ბრენდებთან დაახლოებით ერთი წლით ადრე ვთანხმდებით შემდეგი წლის კოლექციაზე. ანუ სულ მცირე, ერთი წლის პროგნოზი გვჭირდება ხოლმე, რომ სწორად დავგეგმოთ ის ზრდის ტემპი, რაც გვჭირდება და გვინდა, რომ შევინარჩუნოთ, შესაბამისად, პროგნოზირების ნაწილში ცოტა უფრო მეტად გვიჭირს.
ადამიანს სჭირდება განწყობა, უნდა ჰქონდეს სტაბილურობის შეგრძნება. როდესაც ვიღაცას შიში აქვს, ეს უკვე მოქმედებს უკვე მათ მსყიდველობით განწყობაზე. ერთი და იგივე ტენდენციაა ტანსაცმელსა და ავეჯზე, ზრდა არის, თუმცა უფრო სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად კიდევ ერთ-ორ კვირაა საჭირო”, - განაცხადა ანა კაპანაძემ.
ცნობისთვის, "ჯიტექსი" საქართველოს ბაზარზე 7 საერთაშორისო ბრენდის 30-ზე მეტი ფილიალითა და 300-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიის პორტფელში შემავალი ბრენდებია: Kiabi, Matalan, Penti, Enza Home, Terranova, English Home, OVS.




























