საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაშინ, როცა ოპოზიცია არეულობის მოწყობას ცდილობდა ქვეყანაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა.
პრემიერმა განცხადება გააკეთა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომლის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში FDI გაიზარდა, თუმცა არაფერი უთქვამს პირველ კვარტალზე, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა.
„გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები, წინა თვეში ეკონომიკური ზრდა იყო 13%. ამ წლის განმავლობაში საშუალო ზრდა პირველი 7 თვის განმავლობაში არის 9,7%, რაც შეესატყვისება წინა სამი წლის მაჩვენებლებს და შეგახსენებთ, რომ საუბარია მეორე კვარტალის მონაცემებზე. მეორე კვარტალში fdi გაიზარდა 10%-ით, ეს იყო ის კვარტალი, როდესაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მოაქვს ქვეყნისთვის ეკონომიკური წინსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება II კვარტალის შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, II კვარტალში ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.