2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 375 700-ით განისაზღვრა, რაც 5.7%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გარდა ამისა, საქსტატის პუბლიკაციის თანახმად, მესამე კვარტალში ადგილობრივმა ტურისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე თვიურად საშუალოდ 1 743 300 ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, 0.9%-იანი კლებაა.
მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი, საშუალოდ 352.3 ათასი თვეში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა. რეგიონის წილი შიდა ტურიზმში 20.2%-ია. მეორე ადგილს თბილისი იკავებს 17.6%-იანი წილით. ხოლო მესამე ადგილზეა აჭარა - 15.1%-ით.

წლიურად 6.9%-ით შემცირდა საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტებიც და თვიურად საშუალო 799.9 ათასი შეადგინა.
ამავდროულად, 4.8%-ით, 943 ათასამდე გაიზარდა საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული საექსკურსიო ტიპის ვიზიტები.

რაც შეეხება ადგილობრივი ტურისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების მიზნებს, თითქმის ნახევარი "მეგობრების/ნათესავების მონახულების" კატეგორიაზე მოდის. მთავარ მიზანთა სამეულშია "დასვენება/გართობა/რეკრეაცია" და "შოპინგიც".





























