BAG დასაქმების ბარომეტრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში კომპანიათა 44%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც აღემატება როგორც წინა კვარტალის მაჩვენებელს, ისე წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს. ხოლო 2026 წლის III კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა 33% გეგმავს.
სექტორების მიხედვით, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა მშენებლობის სექტორში (50%) გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება და მომდევნო კვარტალში ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი ასევე მშენებლობის სექტორში (58%) გეგმავს.
გამოკითხულ კომპანიათა შორის, მათ ვინც 2026 წლის II კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმეტესობამ (93%) დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა, ხოლო 7%-მა 21-40%-ით გაზარდა.
ამასთან, 2026 წლის II კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ. BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა 29.1 ქულა შეადგინა - წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 ქულით, ხოლო 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 2.5 ქულით გაუარესდა.
II კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ოთხივე სექტორში დადებითია. 2026 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობის (16.7 ქულით) და მრეწველობის (2.8 ქულით) სექტორებში, ხოლო გაუარესდა მომსახურების (6.8 ქულით) და ვაჭრობის (6.5 ქულით) სექტორებში.




























