საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ენერგეტიკის სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) უმსხვილეს ათეულში აღარ შედის. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე ამბობს, რომ ამის მიზეზი დარგში არსებული გამოწვევები და გაურკვევლობაა. მისი თქმით, განსაკუთრებული პრობლემები ჰიდროს მიმართულებითაა, თუმცა FDI-ზე გავლენა იქონია მზის ენერგიების მიმართულებით ახალმა რეგულაციებმაც.
“ჩვენ არაერთგზის ვამბობდით, რომ ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, განსაკუთრებით ჰიდროს ჭრილში. ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ, სამწუხაროდ, კანონი, რომელიც „გრედას“ მიერ არის ინიცირებული და პირდაპირ უწყობს ხელს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას. ამას ემატება ნეტო აღრიცხვის ნეტო დარიცხვით ჩანაცვლება, რაც მოხდა იმაზე ადრე, ვიდრე ამას ელოდა სექტორი და განსაზღვრული იყო ამისთვის 2027 წელი. გარკვეულწილად ამანაც შეანელა ტემპი. რაც შეეხება ქარს, ქარის მიმართულებით ჩვენ კვალიფიკაცია და კომპეტენცია ნაკლები გვაქვს. აშენებული არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური. უახლოეს პერიოდში ველოდებით ორი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის რეალურად დაწყებას, თუმცა ქსელში ინტეგრაცია ასე სწრაფად ვერ ხდება.
ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, თავისი სამოქმედო გეგმით, კონკრეტული პასუხისმგებელი პირებით, კონკრეტული დროით იმისათვის, რომ 2026 წელს ისევ არ მოხდეს, რომ ენერგეტიკა საერთოდ ამოვარდნილი იყოს ინვესტიციების კონტექსტიდან, მაშინ, როდესაც ენერგეტიკა არის ტოპ-პირველი ამ ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება და ეკონომიკას სხვა ვერაფერი ვერ მისცემს ბიძგს, გარდა ენერგეტიკისა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება გადამცემი ქსელის გაძლიერდება სომხეთთან. თუ დროზე არ ავაჩქარებთ და სწრაფად არ მივიღებთ თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკაში, ენერგეტიკა ტოპ 3 სექტორში იყო შარშან, ათეულში არ ვართ ახლა და საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდებით ქვეყანა, რომელიც მოემსახურება სხვა ქვეყნებს,”- ამბობს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე BMG-სთან.




























