საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში უცხოელი ვიზიტორების გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 11%-ით შემცირდა და 2 194 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 77% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
























