გასულ უქმეებზე, საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლიდერებმა ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს, მათ შორის ყარაბაღში არსებულ მდგომარეობასა და ბიზნესზე. ეს უკანასკნელი მიმართულება, როგორც ვიცით, ილჰამ ალიევისთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა, რადგან სადაც ღარიბაშვილი და ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ, იქ ყოველთვის იყო საუბარი “შუა დერეფანზე”, “შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე” ან “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის” პროექტზე. ბოლო შეხვედრაზე, პროექტების ჩამონათვალს “ყულევის ტერმინალიც” დაემატა.
"უამრავი ერთობლივი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზედაც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა "ბიოლში", სადაც ბრიფინგი შედგა.
როგორ ჩაერთვება აზერბაიჯანი “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის” პროექტში, ამ ეტაპზე, ბუნდოვანია, რადგან შემდეგ ეტაპზე საქართველომ ორი კომპანია გადაიყვანა - ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ - ლუქსემბურგული კომპანია. არც ერთი მათგანი, რამდენადაც ვიცით, აზერბაიჯანულ ინვესტიციას არ მოიცავს.
თუმცა, ყულევის ტერმინალს რაც შეეხება, ინვესტიციის განხორციელება აზერბაიჯანს მართლაც შეუძლია. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი, SOCAR-მა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან ჯერ კიდევ 2006 წელს შეიძინა - იმ დროს, ნავთობტერმინალი ჯერაც დაუმთავრებელი იყო. გარიგების დეტალები, იმ დროს, არ გასაჯაროებულა, მაგრამ მოგვიანებით ითქვა, რომ ტერმინალის მშენებლობაში SOCAR-მა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდა.
თუმცა ბიზნესის გარდა, ღარიბაშვილმა და ალიევმა ფართოდ ისაუბრეს ყარაბაღში არსებულ მდგომარეობაზეც, რომლითაც, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, აზერბაიჯანმა ტერიტორიული სუვერენიტეტი აღადგინა. ახლა კი, ალიევის თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების დრო დადგა, რომლის შემდეგ რეგიონში მრავალმხრივი თანამშრომლობა უნდა დაიწყოს. ამავე შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონის საკითხები სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს.
„გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, მეგობრებო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო", - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
ყარაბაღში არსებულ მდგომარეობაზე, სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა. როგორც პუტინმა თქვა, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რუსეთმა სომხეთს კომპრომისზე წასვლა ბევრჯერ შესთავაზა. განიხილებოდა გეგმა, რომლის თანახმადაც ყარაბაღის გარშემო არსებული ხუთ რეგიონს აზერბაიჯანი მიიღებდა, ორს კი სომხეთი, მაგრამ ამ შემოთავაზებას, როგორც პუტინი ამბობს, სომხეთი არ დათანხმდა.
"ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ბევრჯერ შევთავაზეთ ჩვენ სომეხ მეგობრებს კომპრომისზე წასვლა. რა კომპრომისზე? ვთავაზობდით, ყარაბაღის გარშემო არსებული ხუთი რეგიონი აზერბაიჯანისთვის გადაეცათ, ორი დაეტოვებინათ და ასე, სომხეთსა და ყარაბაღს შორის კავშირი შეენარჩუნებინათ. თუმცა ჩვენი ყარაბაღელი მეგობრები, ისევ და ისევ გვეუბნებოდნენ, რომ არა, ეს ჩვენთვის გარკვეულ საფრთხეებს შექმნისო. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ აზერბაიჯანი იზრდება, ეკონომიკა ვითარდება, ეს კი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყანაა, რომელშიც ათ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. მოდი, ორი ქვეყნის პოტენციალი შევადაროთ. სანამ არის შესაძლებლობა, უნდა ვიპოვოთ კომპრომისი. ჩვენი მხრიდან კი, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდით და სომხეთსა და ყარაბაღს შორის არსებულ ლაჩინის კორიდორს, რომელიც ბუნებრივად ჩნდება. უზრუნველვყოფდით ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების უსაფრთხოებას. თუმცა არა, გვითხრეს რომ ამაზე ვერ წავალთ და რომ ვკითხეთ, აბა რას იზამთო, გვითხრეს, ვიბრძოლეთო. კეთილი...", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა "ვალდაის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მჭიდრო მეზობლური ურთიერთობის მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები არაერთგვაროვანია და, შეიძლება ითქვას, ციკლურადაც კი იცვლება. აი, სავაჭრო ბრუნვით პიკური მაჩვენებელი, მაგალითად, 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ბრუნვამ $1.365 მილიარდს გადააჭარბა. ეს წლები, სხვათა შორის, 2011-დან 2014-ის ჩათვლით, ამ მხრივ ყველაზე ნათელ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. იმ დროს, ჯამში, ლამის ხუთი მილიარდი დოლარის საქონელი გავცვალეთ.
საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა (2011-2014 წწ.):
2011 - $1.1 მლრდ
2012- $1.3 მლრდ
2013 - $1.4 მლრდ
2014 - $1.2 მლრდ
ჯამურად: $4.9 მლრდ
ამ წლებში, სხვათა შორის, აზერბაიჯანი სტაბილურად იკავებდა საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის სტატუსს. 2015 წელს, მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა, ხოლო წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი მეხუთე ადგილამდე ჩამოვიდა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტიტულისთვის აზერბაიჯანი ევროკავშირთან, თურქეთთან, რუსეთთან, ამერიკასთან და ჩინეთთან მოდის კონკურენციაში.
2014 წლის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საგარეო ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ 2018 წლის შემდეგ, ზრდა გვაქვს, თუ, ცხადია, პანდემიურ 2020 წელს არ ჩავთვლით.
შარშან, მაგალითად, სავაჭრო ბრუნვის ისტორიაში რიგით მესამე უდიდესი მაჩვენებელი დაფიქსირდა - მილიარდ 313 მილიონი დოლარი. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი, ბრუნვამ უკვე გადააჭარბა 979 მილიონ დოლარს, ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელს 2022 და 2021 წლების მაჩვენებლების სიახლოვეს დავხურავთ. თან, გასათვალისწინებელია, რომ პირველ რვა თვეში, შარშანდელთან შედარებით უკვე 15%-იანი ზრდა გვაქვს.
საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა:
2023* - $979.4 მლნ
2022 - $1.3 მლრდ
2021 - $1.1 მლრდ
2020 - $951.5 მლნ
2019 - $1 მლრდ
2018 - $1.1 მლრდ
საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობა, ცხადია, ისევე, როგორც ბევრი სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში, იმპორტის მიმართულებითაა გადახრილი, რაც გასაკვირი არ არის თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო ფაქტობრივად არაფერს აწარმოებს, ხოლო აზერბაიჯანი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოა.
იმპორტში, სხვათა შორის, სწორედ გაზი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, აზერბაიჯანიდან 208 მილიონი დოლარის გაზი და 44 მილიონი დოლარის საწვავი შემოვიტანეთ. მთავარ საიმპორტო საქონელს შორის ასევე ვხვდებით ცემენტს, ფოლადის ნაწარმსა და მსუბუქ ავტომობილებს, მაგრამ ამ დასახელების პროდუქტების იმპორტი, გაზთან და საწვავთან შედარებით, საკმაოდ მწირია.
საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელებული ექსპორტი (2023*):
მსუბუქი ავტომობილები - $297 მლნ
თამბაქოს პროდუქტები - $21.1 მლნ
ქაღალდი და მუყაო - $17.2 მლნ
მედიკამენტები - $16.3 მლნ
სატვირთო ავტომობილები - $15.7 მლნ
სწორედ მსუბუქ ავტომობილებს ვხვდებით საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტებს შორის, რაც გასაკვირი არ არის, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო რეგიონულ საავტომობილო ჰაბად იქცა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში საქართველოდან ლამის 300 მილიონი დოლარის მსუბუქი და 16 მილიონის სატვირთო ავტომობილები გავიდა. სიაში ასევე ვხვდებით თამბაქოს პროდუქტებს, ქაღალდს და მუყაოს და მედიკამენტებს.
აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტი (2023*):
გაზი - $208.7 მლნ
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $43.9 მლნ
ცემენტი - $35.5 მლნ
ფოლადის ნაწარმი - $25.9 მლნ
მსუბუქი ავტომობილები - $15.7 მლნ