მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, კვლავ დაბალია

პასპორტი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, კვლავ დაბალია.

როგორც პარლამენტში ინტერპელაციაზე მისულმა მინისტრმა აღნიშნა, ცესკო საგარეო უწყებასთან ერთად გეგმავს, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %).

აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე.

"განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატმა მას შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. უწარმოებია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან/და გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის, არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება, რა მოსაზრება აქვს სამინისტროს ამასთან დაკავშირებით?
  2. უწარმოებია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან/და გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის, არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება, რა მოსაზრება აქვს სამინისტროს ამასთან დაკავშირებით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები