მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განვიხილეთ შავი ზღვის მზარდი მნიშვნელობა" - დარჩიაშვილი დანიელ კოლეგას შეხვდა

6461fc4acab33
BM.GE
15.05.23 13:28
435
„საქართველო, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მაღალი ინტერესით სარგებლობს, რაზეც ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც მეტყველებს. ეს მოცემულობა, თავის მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ვიზიტიც ამ ტენდენციის გაგრძელებაა და ჩვენი ქვეყნის მიმართ დანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგასთან, ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად უმაღლეს ნიშნულზეა, რაზეც მეტყველებს დანიური მხარის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ. ამასთან, აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს არსებობა კიდევ უფრო გაზრდის დანიის ჩართულობას რეგიონში და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მან აღნიშნა, რომ დანია ამ პროცესში საქართველოს გვერდით იდგება და ქვეყანა წარმატებით გაივლის გაწევრიანების ყველა ეტაპს. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესიც. ილია დარჩიაშვილმა დანიურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და განმარტა, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს დანიის სამეფოსთან ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული განზომილების წინ წასაწევად.

„დანიელ კოლეგას გავაცანი ხელისუფლების მიერ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად განხორციელებული მოცულობითი სამუშაო, რომლის თითქმის 80 პროცენტიც უკვე შესრულებულია. საქართველო ერთგულია ევროპული არჩევანისა, რაზეც ხელისუფლების თანმიმდევრული მუშაობა და მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ურყევი მხარდაჭერა მოწმობს. ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მარტივი არ არის და წევრობისკენ მიმავალი მოკლე გზა არ არსებობს, თუმცა მჯერა, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. დანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა და ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე და მიესალმნენ პირდაპირი ფრენების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული კავშირების გაზრდას, საქმიანი წრეებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრავალწლიან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, რისი მორიგი დადასტურებაც გახლავთ ამ სფეროთი დაინტერესებული დანიური ბიზნესდელეგაციის საქართველოში სტუმრობა.

„სწორედ რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, განვიხილეთ შავი ზღვის მზარდი მნიშვნელობა როგორც ენერგეტიკული, ისე უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გავუსვით სტრატეგიული პროექტების განხორციელების საკითხს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში სუფთა, მწვანე, განახლებადი ენერგიის წარმოებისა და, ამ კონტექსტში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დანიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა წარმატებულ თანამშრომლობაზე დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ფარგლებში. საუბრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ლარს ლოკე რასმუსენის საქართველოში სტუმრობას წინ უსწრებდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ნიკო ფიროსმანის გამოფენა დანიის ყველაზე სახელგანთქმულ ლუიზიანას მუზეუმში, რამაც შეხვედრის დროს განსაკუთრებულად პოზიტიური ფონი შექმნა და აღინიშნა, რომ ეს გამოფენა ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები