მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და იტალიას შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა - რას ნიშნავს ეს ნაბიჯი?

6442b54f7708e
BM.GE
21.04.23 20:12
749
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.

საგარეო საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს.

მაღალი დონის დიალოგი ასახავს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და გამოავლენს პარტნიორობის ახალ პერსპექტივებს.

მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.

დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

აღნიშნული ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.

დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანა-თავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები.

ყოველი შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე.

მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომში ვიზიტისას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები