მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილს პარლამენტში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. პარლამენტის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა კითხვები, რომლითაც მინისტრს მიმართეს და ანგარიშიც, რომელსაც დეპუტატების წინაშე დღეს წარადგენს. კითხვები ეხება სექტემბერში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთში:

- რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 2023 წლის ივლისში შეთანხმებული სტრატეგიული პარტნიორობის) და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ?

- საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შემუშავებული ერთობლივი განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა, რომელიც ქვეყნებს შორის უკანასკნელი წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ გერმანიას, ასევე ამერიკისა და ევროპის 40 სხვა ქვეყანას. "სტრატეგიული პარტნიორობა" ევროპის, ამერიკის, აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის 20 ქვეყანას და ევროკავშირს, აფრიკის კავშირს (AU) და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN). ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომ რეალიზაციას. ამასთან, ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით (მუხლი 78).

„საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა, ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მათ შორის აღნიშნულია, რომ „გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების პროცესში სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება“.

- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გადაწყვეტილება იყო თუ არა სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებული? ჰქონდა თუ არა თქვენს უწყებას ჩატარებული წინასწარი კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან?

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად მიღებული ერთობლივი განცხადება გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ერთობლივი განცხადების თანახმად, საუბარია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში, რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.

- გთხოვთ მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია, საოქმო ჩანაწერები, განხილული სამუშაო ვერსიები (draft-ები), ქართული მხარის შეთავაზებები, რომლებიც მსგავსი ტიპის შეთანხმებაზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ოფიციალურად გამოქვეყნებული განცხადებებით.

- რატომ არის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერი ზოგადი (სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებაში) ? რატომ არ წერია, რომ ჩინეთიც, ისევე როგორც საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (მსგავსად კვიპროსთან 2021 წელს გაფორმებულ დოკუმენტში)?


საქართველო და ჩინეთი, ორივე პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება.

- დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს (გლობალური განვითარების ინიციატივა; გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა). მოდის თუ არა აღნიშნული ინიციატივები წინააღმდეგობაში საქართველოს გაცხადებულ საგარეო ვექტორთან და მის აღქმასთან დაკავშირებით დემოკრატიასთან მიმართებით?

- ქართული მხარე, ისევე როგორც გაერო და სხვა ქვეყნები, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია. აღნიშნულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. ამასთან, აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში გაჟღერებული დებულებები ეხმიანება გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარებას, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობასა და დაცვას.


- ეკონომიკურ განზომილებაში ნახსენებია, რომ “ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.” ეს ფორმატი რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ დატოვა არასაკმარისი ინვესტიციების, ტაივანთან ურთიერთობების ან/და უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო. ამ ფონზე რა სარგებელს მოუტანს საქართველოს 14+1 ფორმატში ჩართვა ეკონომიკური თვალსაზრისით?

- როგორც ცნობილია, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატში კვლავაც ჩართულია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ხორვატია და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის.

ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდა არის მთავარი ამოცანა. შესაბამისად, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურება და სამუშაოების კოორდინაცია სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.
შესაბამისად, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით 2012 წელს ჩინეთის ინიციატივით ჩამოყალიბებული ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში (China-CEEC) მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი ორმხრივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ.

2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა China-CEEC-ს სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, თუმცა, იმ დროისთვის ჩვენი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, საქართველოს ამ სურვილს მხარი დაუჭიროს. საქართველოს მისწრაფება ასევე მხარდაჭერილი იყო ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად მიიჩნევს, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას და ამ ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტური რეალიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, ჩვენთვის ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან, დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს ევროპის განუყოფელ ნაწილს. China-CEEC-ში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება შესაძლებლობას მოგვცემს ამ ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი ურთიერთსასარგებლო პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციას მიღებაში, რაც თავის მხრივ უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია განვიხილოთ, განსაკუთრებით ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ჩინეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალობას ცხადყოფს ბოლო პერიოდში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ლიდერების ვიზიტები ჩინეთში.


- რამდენად მისაღებია საქართველოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2022 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი კომუნიკე უსაფრთხოების თვალსაზრისით და რამდენადაა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად?


- ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს ორივე მხარის პრეროგატივას და სუვერენულ უფლებას. შესაბამისად, მათი შეფასება არა რელევანტური იქნებოდა. ცხადია და საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ამ მიზნების მისაღწევად პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ.


- საერთაშორისო განზომილების ნაწილში აღნიშნულია, რომ “მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას;.. წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას.” რას ნიშნავს მულტილატერალურობა და რეალურად იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო ვექტორი? იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას...

- საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას განვიხილავთ დამატებით შესაძლებლობად კიდევ უფრო გავაღრმაოთ ქართულ-ჩინური ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა და მაქსიმალურად სრულყოფილად გამოვიყენოთ საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა და ის ბუნებრივი უპირატესობები, რაც ქვეყანას როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფანს გააჩნია.

საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის გაზრდა - გაძლიერება. როგორც ცნობილია, 2018 წელს საქართველოს და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი საქართველოდან ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმსხვილეს სამეულში. 2018 წლიდან დღემდე, რეგიონში მხოლოდ საქართველოს გააჩნია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები