მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციის ბოიკოტის გამო, პარლამენტი ეკონომიკის მინისტრს ინტერპელაციის წესით აღარ მოუსმენს - პაპუაშვილი

დავითაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტის გამო, პარლამენტი ხვალ, 31 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით აღარ მოუსმენს - ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

„პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც ბახმაროს საკითხს შეეხებოდა. ინტერპელაციის მომართვა დეპუტატების შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადდა, მაგრამ ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოაცხადეს, როგორც ჩანს, საკუთარ ინტერპელაციასაც ბოიკოტი გამოუცხადეს და ის არ შედგება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო მუშაობასთან თუ რა დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის მოსახლეობის ინტერესებთანაც, რომელსაც ისინი თითქოსდა წარმოადგენენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, ინტერპელაციაზე ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტში უპრეცედენტო შემთხვევაა და ის გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნებზეც.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბოიკოტი მოქმედებს და შეიძლება გამოცხადდეს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საქმიანობისთვის, პლენარული სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება, ეს ოპოზიციის გარკვეული ტრადიციაა და ახლა საერთოდ ახალ მწვერვალს მიაღწიეს - საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი. მათ მიერ დაყენებულ საკითხს, რომ მინისტრი მოსულიყო და „კრიტიკის ქარცეცხლში“ უნდა გაეტარებინათ, ამ საკითხს გამოუცხადეს ბოიკოტი.

ეს მგონი, მსოფლიო საპარლამენტო ისტორიისთვის უნიკალური შემთხვევაა, მაგრამ რა ვქნათ? ასეთ მდგომარეობაშია დღეისათვის ოპოზიცია და ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან დავითაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯერ კიდევ 19 აპრილს უნდა წარდგენილიყო, თუმცა სხდომამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციონერ დეპუტატებს უთხრეს, რომ ეკონომიკის მინისტრი, უცხოეთში საქმიანი ვიზიტის გამო, პარლამენტში არ გამოცხადდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები