ილია თოფურია ოქტაგონს მოშორებულია მას შემდეგ, რაც 2025 წლის ივნისში UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონობა მოიპოვა. ამის მიზეზი მისი პირადი ცხოვრებაა, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ რთულ ფაზაში იმყოფება — მებრძოლი განქორწინებისა და მეურვეობის საკითხზე სამართლებრივ დავაშია მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგი ბადელთან.
“ელ მატადორმა“ ბადელი მაიამიში, 2023 წელს გაიცნო. წყვილმა 2024 წელს იქორწინა და იმავე წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ. თუმცა, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა — 2025 წლის აგვისტოში ისინი დაშორდნენ. მას შემდეგ ისინი განქორწინებისა და ბავშვის მეურვეობის საკითხზე დავობენ, და როგორც ირკვევა, თოფურია განიხილავს ისეთი ძვირფასი ქონების გაყიდვას, რომელიც მათ ერთობლივ ცხოვრებას სიმბოლურად უკავშირდებოდა.
ილია თოფურია და ჯორჯინა უსკატეგი ბადელი ესპანეთში, ლას ლომასის დახურულ და ელიტურ საცხოვრებელ უბანში ცხოვრობდნენ, რომელიც მადრიდის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილად ითვლება. გამოცემა Infobae-ს ინფორმაციით, თოფურიამ ეს სახლი გასაყიდად გაიტანა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $3.5 მილიონს შეადგენს.
ქონება 2018 წელს არის აშენებული და საცხოვრებელი ფართობი დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 2 560 კვადრატული მეტრია. თავად სახლთან ერთად დიდ ღირებულებას ქმნის მისი გარემოცვაც. აღსანიშნავია, რომ ამავე უბანში უძრავი ქონება აქვს ცნობილ ფეხბურთელს, ტიბო კურტუასაც.
პირადი ცხოვრების ამ რთული პერიოდის პარალელურად, თოფურია დაბრუნებისთვის ემზადება. მისი მიზანია ბრძოლა აპრილიდან ივნისამდე პერიოდში გამართოს, ხოლო სავარაუდო მეტოქედ მსუბუქი წონის UFC-ის ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი განიხილება.



























