ილია თოფურია ოქტაგონზე დასაბრუნებლად უკვე ემზადება. მართალია, UFC-სთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს, მაგრამ ესპანური გაზეთი MARCA ადასტურებს, რომ "მატადორის" ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
გასულ ნოემბერს ილია თოფურიამ განაცხადა, რომ პირად ცხოვრებაში არსებული "რთული მომენტის" გამო, რაც მეუღლესთან განქორწინებასა და სასამართლო დავას მოჰყვა, 2026 წლის პირველ კვარტალში არ იბრძოლებდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურდა მსუბუქი წონითი დივიზიონის შეფერხება და UFC-ს მაშინ შეატყობინებდა, როცა ბრძოლისთვის მზად იქნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, UFC თოფურიასთვის ტიტულის ჩამორთმევას არ აპირებდა, თუმცა მისი დაბრუნების გაურკვეველი ვადების გამო, დროებითი ტიტულის შემოღება მაინც საჭირო გახდა.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დრო დასჭირდებოდა "მატადორს" ოქტაგონის მიღმა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და რა გავლენას მოახდენდა ეს მის კარიერაზე.
MARCA იტყობინება, რომ ჩემპიონმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და საქმე დაიხურა.
"თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგიმ და მებრძოლმა შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გაიტანა და ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმ პირობებით, რასაც თოფურია თავიდანვე სთავაზობდა", - წერს ესპანური მედია.
ამ სიახლის გავრცელებამდე თოფურიამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ის ვარჯიშს დაუბრუნდა, წარწერით: "ჩემპიონი დაბრუნდა!!!"
ილია თოფურიამ მანამდე განაცხადა, რომ ბრძოლა აპრილიდან ივნისამდე პერიოდში სურდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი ოქტაგონს ზაფხულის დასაწყისში დაუბრუნდება.
MARCA-ს ჟურნალისტი ირატი პრატი შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას წერდა, რომ "მატადორი" უკვე ემზადება შემდეგი ბრძოლისთვის, რომელიც სავარაუდოდ 14 ივნისს, UFC-ის "თეთრი სახლის" ღონისძიებაზე გაიმართება. 90%-იანი ალბათობით, ამ ღონისძიებაზე თოფურიას მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.



























