"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში უნივერსიტეტების მიხედვით ფაკულტეტების განაწილებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის დროზე არა უნივერსალური ტიპის, არამედ პედაგოგიური ინსტიტუტი იყო. ზვიად გაბისონია ამბობს, რომ ფაკულტეტების განაწილებისას კი უნივერსიტეტების ტრადიციები იქნება გათვალისწინებული.
პარლამენტის პლენარულს სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების წარდგენისას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის სალომე კობალაძის კითხვაზე - როგორ გაზომავს სახელმწიფო საუნივერსიტეტო განათლების ხარისხს ამ რეფორმის შედეგად და რა კრიტერიუმებით წყდება ფაკულტეტების განაწილება, ზვიად გაბისონია პასუხობს: „ხარისხის სტანდარტებთან და ფაკულტეტების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მითითებული, რომ ამ ნაწილში გათვალისწინებული იქნებოდა გარკვეული ტიპის ტრადიციები“, რასაც თავის მხრივ მინისტრის მოადგილე ადამიანური რესურსების ნაწილს ამატებს და აღნიშნავს: „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ დარგის წამყვანი პროფესორები, რომლებიც შესაბამისი დარგის სახელმძღვანელოების ავტორები არიან, გრანტების მფლობელები, პუბლიკაციების ავტორები და ა.შ. მათი მიმართულებით მოვახდინოთ წაყვანა“.
ზვიად გაბისონია თსუს, სტუ-ს, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის ისტორიულ ტრადიციებზე ამახვილებს ყურადღებას და ილიას უნივერსიტეტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტს საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამებიც აქვს და აკრედიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს.
„ მოგეხსნებათ, რომ ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულება ძირითადად წამყვანი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური და ტექნოლოგიების მიმართულებით ისტორიულად იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მედიცინის მიმართულებით თავიდან იყო თსუ ადრე, ხოლო შემდეგ ცალკე გამოიყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ისტორიულად ამ მიმართულებით გაადაინაცვლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რაც შეეხება, თავის დროზე ის არ იყო უნივერსალური ტიპის უნივერსიტეტი, ის პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, რომელიც მოგვიანებით იქცა დაახლოებით 20 წლის წინ, სხვათა შორის იურიდიულ ფაკულტეტზე და ეკონომიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო დიდი ისტორიული ტრადიციები აქვს - 90-იანი წლების დასაწყისშია შექმნილი ჰუმანიტარული მიმართულების ფაკულტეტები, ვიდრე ილიას უნივერსიტეტს, თუმცა ილიას აქვს გარკვეული პროგრამები, რომელიც უნიკალურია, მათ შორის კვლევითი კომპონენტები განსაკუთრებით ეკოლოგიის მიმართულებით საკმაოდ ძლიერი აქვთ, ვიცი რომ აქვთ ძალიან საინტერესო საგრანტო და სადოქტორო პროგრამები, სამაგისტრო პროგრამებით, არსებობს ასევე საერთაშორისო კატეგორიის საბაკალავრო პროგრამებიც - ABET-ის აკრედიტაციით, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია და ამის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახდენს. დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ პროგრამების აკრედიტაციის ღირებულებები არიას 900 000-დან 1.2 მილიონამდე აკრედიტაციის მიმართულება, ამას ინფორმაციისთვის გეუბნებით, რომ რა ტიპის ფინანსურ რესურსებს ხარჯავს სახელმწიფო იმისთვის რომ საერთაშორისო მიმართულებები განავითარონ“.




























