ილიას ზუროსი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის ცნობით, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა.
"ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა", - წერია ფედერაციის განცხადებაში.
ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით მადლობას უხდის ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია:
"ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს" - ვკითხულობთ ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 57 წლის ზუროსი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა მოახერხა, მანამდე კი, გუნდი ორ ევრობასკეტზეც ათამაშა. ზუროსს საკლუბო დონეზე "ოლიმპიაკოსში", "არისში", "პარი ლევალუაში", "ჟალგირისში", "ანადოლუ ეფესსა" და "თოფაშშიც" უმუშავია, მისი პიკი საბერძნეთის ნაკრებს უკავშირდება, რომელსაც 2011-12 წლებში წვრთნიდა.