ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია 1 წელიწადში მონიტორინგის პირობით მისცა, გაასაჩივრებს. შესაბამის განცხადებას ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„ილიაუნის ავტორიზაციის პროცესის, უფრო ზუსტად, ავტორიზაციის საბჭოს სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების (არა მარტო აკადემიური წრეების!) რეაქცია აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ უკვე ძირეულად შეიცვალა. ამას ადასტურებს უამრავი ადამიანი (შეიძლება სრულიად განსხვავებული შეხედულებების), რომელიც სოლიდარობას გიცხადებს, შენი სიმართლისთვის ცხარე კამათში ერთვება, არაკომფორტულ მდგომარეობაში იყენებს თავს სხვისი უფლებების დასაცავად; ეს კი ნამდვილად აღარაა საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა საზოგადოება, ეს არის სოლიდარული, სხვისი უფლებებისა (მათ შორის მისგან განსხვავებულის) და ავტონომიის დამცველი საზოგადოება, სწორედ ევროპული დემოკრატიული საზოგადოება, რომლის უკან დაბრუნება, „გადასაბჭოურება“ შეუძლებელი მგონია.
სოლიდარობას რომ ყველაზე დიდი ძალა აქვს, მაშინაც კი, როცა შენი პირადი ტრაგედიით მანიპულირებენ (სამართლებლივად ნამდვილად არაფერ შუაშია!), ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე და მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გითხრათ მადლობა ამისთვის.
როგორც კი საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება გამოიცემა (10 სამუშაო დღეა მაქსიმალური ვადა), ჩვენ გამოვიყენებთ აპელაციის ადგილობრივ თუ საერთაშორისო შესაძლებლობებს და სამართლებრივ გზებს. სამწუხაროდ, საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ უკვე მიაყენა ზიანი ამ ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის წლობით ნაშენებ ნდობას და საერთაშორისო რეპუტაციას.
ამ ნდობის მოპოვებაში ილიას უნივერსიტეტს, ზოგადად, უნივერსიტეტებს საქართველოში, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. დიახ, ხარისხის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ავტორიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მის მიერ ავტორიზებული ილიაუნი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე 14 ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამას ახორციელებს გლაზგოს, ტარტუს, გენტის, გეტინგენის, მიუნსტერის, პორტოს, მონპელიესა და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. ილიაუნისა და ამ ევროპული უნივერსიტეტების მიერ გაცემული ერთობლივი და ორმაგი დიპლომებია სწორედ ხარისხის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო რეპუტაციის ინდიკატორი და არა ის საბჭო, რომელიც ამ ნდობას, აღიარებას ანადგურებს.
საგანგებოდ მინდა ვუთხრა მადლობა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, ქართველ და უცხოელ კოლეგებს, რომელთაც სამ თვეზე მეტი იმუშავეს, ილიას უნივერსიტეტში ვიზიტისას შეხვდნენ უკლებლივ ყველა რგოლს: ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დამსაქმებლებს, ილიაუნის ორმაგი და ერთობლივი ხარისხის პროგრამებში ჩართულ უცხოელ კოლეგებს (გაოგნებულები არიან ამ გადაწყვეტილებით!). ექსპერტებმა საბჭოზეც გაიმეორეს, რომ მათი უმაღლესი შეფასება მტკიცებულებებსა და ინტერვიუებს ემყარება და სრულიად განსხვავდება საბჭოს შეფასებისგან. დიდი მადლობა მათ ამისთვის. დიდი მადლობა საბჭოს ერთადერთ მოწვეულ წევრს, პროფესორ მაია ბიწკინაშვილს (თსუ), რომელიც არ დაეთანხმა საბჭოს გადაწყვეტილებას და ხელი არ მოაწერა ოქმს.
განსაკუთრებული მადლობა კოლეგებს, რომლებმაც ამ დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემითა თუ სოციალური ქსელით თავიანთი პრინციპული პოზიცია არაერთგზის გამოხატეს - არ მოგნიშნეთ, ვინმე რომ არ გამომრჩეს.
და ბოლოს, დიდი მადლობა ილიას უნივერსიტეტს, სტუდენტებისა და მასწავლებლების ერთობას, მის უკლებლივ ყველა წევრს, უკლებლივ ყველა რგოლს, მართლა თავდაუზოგავი შრომისთვის, ილიაუნისთან ასეთი პროფესიული, ღირებულებითი და ემოციური ბმისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რამხელა გამოწვევაა, დღეს საქართველოში, ამ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში, უნივერსიტეტის, როგორც ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ყველაზე ძველი ევროპული ინსტიტუციის ფუნქციონირება.
ჩვენ ამას ერთად დავიცავთ“, - აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.
ცნობისთვის, ილიაუნისთვის ავტორიზაციის 1 წელიწადში გადახედვის შესახებ ხარისხია ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება 27 სექტემბერს თავად უნივერსიტეტის პროფესორის სიმონ ჯანაშიას პოსტით გაცხადდა. BM.GE-ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ილიაუნის 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა და ოქმი 10 სამუშაო დღეში გასაჯაროვდება. იმავე დღეს, მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავტორიზაციის საბჭოს სხდომამ დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები შეცვალა და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭა. ილიაუნიში BM.GE-ის დაუკონკრეტეს, რომ აღნიშნული პირობით ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭათ.
„ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას“, - ნათქვამი იყო ილიაუნის 27 სექტემბრის განცხადებაში.