მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი OpenAI-ს და სემ ოლტმენს სასამართლოში უჩივის – რას მოითხოვს მილიარდერი?

ოლტმენი და მასკი

მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა კალიფორნიის სასამართლოს საჩივრით მიმართა. მილიარდერი ბიზნესმენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპს, OpenAI-ს და მის დამფუძნებელს, სემ ოლტმენს უჩივის.

მასკის მტკიცებით, ChatGPT-ის შემოქმედმა თავის ფუნდამენტურ პრინციპებს უღალატა და ამით კაცობრიობა უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა. უფრო კონკრეტულად, ილონ მასკი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის არაეთიკურ გამოყენებაზე და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, პრინციპების ღალატზე მიუთითებს.

OpenAI დაახლოებით 80 მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპია, რომლის დაფუძნების მთავარი მიზანი AI-ტექნოლოგიის განვითარება და კვლევითი საქმიანობის განხორციელება იყო და არც პირდაპირი კომერციული სარგებლის მიღება. OpenAI-ს დაფუძნებაში უდიდესი წვლილი სწორედ ილონ მასკს მიუძღვის, რადგან საწყისი ინვესტიცია 2015 წელს სწორედ მან გაიღო და ChatGPT-ის შექმნა შესაძლებელი სწორედ მან გახადა.

როგორც მასკი ამბობს, დაფუძნების პერიოდში OpenAI-ს მიზანი არ ყოფილა ფინანსური სარგებლის მიღება. პირიქით, მას უნდა შეექმნა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და ამ პროცესში მიღებული ცოდნა მას საზოგადოებისთვის უფასოდ უნდა გაეზიარებინა. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც OpenAI შექმნიდა, კაცობრიობისთვის საჩუქარი უნდა ყოფილიყო.

დაფუძნებიდან რამდენიმე წელიწადში, OpenAI-ს ცხოვრებაში გამოჩნდა Microsoft-ი – პლანეტის უმსხვილესი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. Microsoft-ის არსებობის ერთადერთი მიზანი ინვესტორებისთვის სარგებლის მიცემაა და ამ საქმეში, შეიძლება ითქვას, რომ ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანია უბრალოდ საუკეთესოა. ცხადია, Microsoft-ის მენეჯმენტმა მალევე გააცნობიერა ის პოტენციალი, რომელიც OpenAI-ს ჰქონდა და სწორედ ამიტომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა AI-სტარტაპში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო.

ამჟამად OpenAI-ს უმსხვილესი აქციონერი სწორედ Microsoft-ია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მაქსიმალურად მეტი მოგების მიღება სურს და, როგორც ჩანს, ამ მიზანს სემ ოლტმენიც იზიარებს.

ილონ მასკის საჩივარი სწორედ ამ მოცემულობას უკავშირდება. მისი განმარტებით, OpenAI აღარ არის არაკომერციული ორგანიზაცია, ის იქცა Microsoft-ის კერძო კვლევით ორგანოდ, რომელიც დღე და ღამე მუშაობს ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელიც ამ $3-ტრილიონიან გიგანტს კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს.

ოლტმენის წინააღმდეგ ასეთი ბრალდება ერთხელ უკვე გაისმა. გასული წლის ნოემბერში OpenAI-ს დირექტორთა საბჭომ სემ ოლტმენი აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენა. საბჭოს განცხადებით, ოლტმენმა კომპანიის მენეჯმენტის, თანადამფუძნებლებისა და ინვესტორების წინაშე ნდობა დაკარგა, სწორედ ამიტომ ის OpenAI-ს მართვის პროცესს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორებულიყო.

საბჭოს წარმომადგენლების განმარტებით, სემ ოლტმენმა იმ ძირითად პრინციპებს უღალატა, რაზეც კომპანია წლების განმავლობაში იდგა და ახლა მისი ერთადერთი მიზანი ChatGPT-ის დახმარებით მეტი ფულის შოვნაა, ამის მისაღწევად კი ის ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის დაჩქარებას გეგმავს, რაც სარისკოა, რადგან AI-ს შეუძლია კაცობრიობისათვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცეს.

ნოემბერში საბჭოს მიერ დასახელებული არგუმენტი და ილონ მასკის ამჟამინდელი საჩივარი ფაქტობრივად იდენტურია. აქვე შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რა ბედი ეწია იმ საბჭოს და სად გაქრა მათი საჩივარი. პასუხი მარტივია, OpenAI-ს მშობელმა კომპანიამ, Microsoft-მა ეს საბჭო უბრალოდ გააქრო და სემ ოლტმენი თავის პოსტზე დააბრუნა.

ამჯერად ვითარება შედარებით განსხვავებულია, ილონ მასკს ვერავინ გააქრობს, რადგან ის პლანეტის ყველაზე მდიდარი მეწარმეა და თან მას ერთი კოზირი უჭირავს ხელში, ის OpenAI-ს თანადამფუძნებელი და პირველი ინვესტორია, რაც მას სასამართლოს წინაშე სამართლებრივ ძალაუფლებას აძლევს.

ამ უფლებით აღჭურვილი ილონ მასკი OpenAI-სგან მოითხოვს საწყის პრინციპებთან დაბრუნებას და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის შენელებას, რათა საზოგადოების ხელში ისეთი AI არ აღმოჩნდეს, რომლის გაკონტროლებასაც თავად OpenAI-იც ვეღარ შეძლებს.

საბოლოო ჯამში, ეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისტორიაში წამოწყებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო დავაა.