მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკი სასამართლოს გზით სემ ოლტმენის OpenAI-დან გათავისუფლებას მოითხოვს

ილონ მასკი და სემ ოლტმენი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი სასამართლოში წარდგენილი ახალი სარჩელით OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენისა და სტარტაპის პრეზიდენტის, გრეგ ბროკმანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

მასკის ადვოკატების განმარტებით, აღნიშნული ზომა აუცილებელია, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობამ ვერ დაიცვა ორგანიზაციის საზოგადოებრივი მისია და მასკი, როგორც დამფუძნებელი „თაღლითური გზით“ შეცდომაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი დავის დაწყებისთვის მოსამზადებელი პროცესი ფედერალურ სასამართლოში თითქმის დასრულებულია, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი 27 აპრილს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიწყება.

შეგახსენებთ, დავის საგანი 2015 წელს OpenAI-ის დაფუძნებისას დადებული პირობებია. მასკი ამტკიცებს, რომ ოლტმენმა მილიარდერის $38 მილიონის ოდენობის შემოწირულება მანიპულაციურად გამოიყენა. ამასთან, მასკის თქმით, ChatGPT-ს შემქმნელმა ის დაარწმუნა, რომ კომპანია არაკომერციულ სტატუსს მუდმივად შეინარჩუნებდა.

როგორც ცნობილია, OpenAI მოგვიანებით კომერციულ კომპანიად გარდაიქმნა. ამ ფონზე, მასკი შეწირულ $38 მილიონს „უკანონოდ მიღებულ სარგებლად“ მიიჩნევს. მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ კომპანიამ დაიბრუნოს რეალური არაკომერციული ორგანიზაციის სახე, ხოლო Microsoft-ისა და სხვა პარტნიორების მიერ მიღებული მოგება სრულად საქველმოქმედო ფონდს დაუბრუნდეს.

OpenAI-ის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს და მასკის ქმედებებს „შურისძიებისა და ეჭვიანობის“ მოტივით ხსნის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ილონ მასკი კონკურენტის შესაფერხებლად და საკუთარი გავლენების გასაზრდელად შევიწროების კამპანიას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯეისონ კვონმა კალიფორნიისა და დელავერის გენერალურ პროკურორებს მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება მასკის „ანტიკონკურენტული ქცევის“ გამო. სტარტაპში ეჭვობენ, რომ მილიარდერი მარტო არ მოქმედებს და მასთან კოორდინაციაში Facebook-ის შემქმნელი Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგიც.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა OpenAI 2018 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც მენეჯმენტმა ორგანიზაციის Tesla-სთან შერწყმაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით ბიზნესმენმა კონკურენტი კომპანია xAI შექმნა, რომელიც ამჟამად SpaceX-ის საკუთრებაა და $1.25 ტრილიონადაა შეფასებული. იანვარში წარდგენილ მასალებში მასკის მხარე OpenAI-სა და Microsoft-ისგან ზიანის ანაზღაურების სახით $134 მილიარდს ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები