ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე მომუშავე წამყვანმა კომპანია OpenAI-მ კალიფორნიისა და დელავერის გენერალურ პროკურორებს მიმართა, რათა ილონ მასკისა და მისი პარტნიორების „არაკონკურენტული ქმედებები“ შეისწავლონ.
ChatGPT-ის შემქმნელი სტარტაპი ბიზნესმენს არასათანადო ქცევაში ადანაშაულებს, რაც მიმდინარე თვეში დაგეგმილი სასამართლო პროცესის წინ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს.
OpenAI-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯეისონ კვონის განცხადებით, მასკის სარჩელი მიზნად სტარტაპის არაკომერციული ფონდისგან $100 მილიარდზე მეტის ამოღებას ისახავს, რაც მოსამართლის მიერ საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში კომპანიის საქმიანობას პარალიზებას გამოიწვევს. სტარტაპში მიიჩნევენ, რომ ეს სამართლებრივი დავა საფრთხეს უქმნის მათ ძალისხმევას, უზრუნველყონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობის სასიკეთოდ.
ცნობისთვის, ეს დაპირისპირება 2024 წელს დაწყებულ სამართლებრივ დავას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკმა OpenAI-ს, მის ხელმძღვანელს, სემ ოლტმენსა და სხვა წევრებს უჩივლა. მილიარდერის მტკიცებით, სტარტაპმა უღალატა იმ მისიას, რომლის განხორციელების პირობასაც დაფუძნების დღიდან დებდა - არ ყოფილი მოგებაზე ორიენტირებული კომპანია. ცნობისთვის, ეს იყო ის წინაპირობა, რის სანაცვლოდაც ილონ მასკი 2015 წელს სტარტაპის განვითარების პროცესში ჩაერთო. მან არამარტო ფინანსური რესურსი ჩადო, არამედ კომპანიას გამოცდილი და კვალიფიციური სამუშაო კადრის მოძიებაშიც დაეხმარა.
თუმცა მილიარდერმა OpenAI-ს მხარდაჭერა 2018 წელს შეწყვიტა და მოგვიანებით საკუთარი კონკურენტი კომპანია xAI, ასევე ჩეტბოტი Grok-ი შექმნა.
ცნობისთვის, ამჟამად საქმეს ოკლენდის მოსამართლე განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, პროცესში ნაფიცი მსაჯულებიც ჩაერთვებიან. სასამართლო განხილვები, რომლებმაც მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ და ეთიკურ უთანხმოებებს ნათელი უნდა მოჰფინოს, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაიწყება.




























