მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკი თეთრ სახლს ტოვებს

მასკი

ილონ მასკი თეთრ სახლს ტოვებს. თუმცა მისი დეპარტამენტი - DOGE (მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი) ფუნქციონირებას გააგრძელებს. სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს იმისათვის, რომ მიეცა შესაძლებლობა ემართა DOGE.

„როდესაც ჩემი, როგორც სპეციალური თანამშრომლის საქმიანობის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხარჯების ფლანგვის შემცირების შესაძლებლობისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - დაწერა მასკმა.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის როლი აშშ-ის მთავრობაში იყო დროებითი, ვინაიდან ის თეთრი სახლის მიერ სპეციალურად დაქირავებული პირი იყო. DOGE-ის მიზანი კი, ფედერალური ხარჯების შემცირება და სამთავრობო სისტემების ეფექტიანობის გაზრდა იყო.

საერთო ჯამში, DOGE-ის საქმიანობამ 300,000-მდე ფედერალური მუშაკის გათავისუფლება და სახელმწიფო ბიუჯეტში 160 მილიარდი დოლარის დაზოგვა გამოიწვია. მასკის უწყების რეკომენდაციით, სტრუქტურული ცვლილებები გატარდა 27 სამინისტროსა და საჯარო უწყებაში, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მასკს ქვეყანაში უმუშევრობის დონის გაზრდის მიმართულებით აბსოლუტური რეკორდი აქვს, რადგან მსგავსი რამ, აქამდე არავის გაუკეთებია.

საერთო ჯამში, მასკის საქმიანობის გამო, თავისივე შექმნილი კომპანია Tesla იმდენად დაზარალდა, რომ მისი მსხვილი ინვესტორები გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მის გადაყენებას განიხილავდნენ, თუმცა სანამ ეს მოხდა, იქამდე მასკმა თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ეტაპობრივად წავიდოდა და სრულად გადაერთვებოდა კომპანიების მართვაზე. ეს ამბავი, ცხადია, ინვესტორებს მოეწონათ და სწორედ ამიტომ Tesla-ს აქციების შეფასება ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები