ტრამპის ტარიფების მიუხედავად, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი მაისში, იმპორტის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, $77.6 მილიარდამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დასახელებული ზრდა მობილური ტელეფონების, ნახევარგამტარებისა და მედიკამენტების შესყიდვამ განაპირობა.
ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მაისში იმპორტი აპრილთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა და $395.3 მილიარდი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 3.2%-ით შემცირდა და $317.7 მილიარდს გაუტოლდა. საერთო ჯამში, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო წინა თვესთან შედარებით 42.2%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უდიდეს ნიშნულს მიაღწია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სავაჭრო დეფიციტის მკვეთრი მატება მთელ ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარჯების ბუმს უკავშირდება. კერძოდ, ნახევარგამტარების იმპორტი $1.2 მილიარდით გაიზარდა.
პარალელურად, ავტომობილების ნაწილებისა და ძრავების იმპორტი $2.2 მილიარდით გაიზარდა, ხოლო სამგზავრო ავტომობილების შესყიდვამ $1 მილიარდით იმატა.
არსებული მონაცემებით, აშშ-ს ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი მაისში ვიეტნამთან ($20.6 მლრდ.), მექსიკასთან ($20.1 მლრდ.), ტაივანთან ($19.4 მლრდ.), ჩინეთთან ($14.5 მლრდ.) და ევროკავშირთან ($9.3 მლრდ.) ჰქონდა.
ამასთან, ყველაზე დიდი სავაჭრო პროფიციტი ნიდერლანდებთან ($9.1 მლრდ.), ჰონგ-კონგთან ($5.6 მლრდ.), სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასთან ($4.8 მლრდ.), ავსტრალიასთან ($1.9 მლრდ.) და გაერთიანებულ სამეფოსთან ($1.4 მლრდ.) დაფიქსირდა.




























