ილონ მასკის მამის, ეროლ მასკის წინააღმდეგ ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. როგორც მედია იუწყება, მასკმა 90-იან წლებში, განსაკუთრებით კი 1993 წელს ხუთი შვილი და გერები სექსუალურად შეავიწროვა. NYT-ის ინფორმაციით, ეროლ მასკი არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ შეუსაბამო ქმედებებს ახორციელებდა, თუმცა გამოცემა კონკრეტულ დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს.
New York Times-ის მიერ დაწყებულ ჟურნალისტურ გამოძიებას უკვე გამოეხმაურა ეროლ მასკი და ბრალდება მტკნარ სიცრუედ შეაფასა. მასკმა “ცრუ” ინფორმაციის გავრცელებისა და რეალური ფაქტების დამახინჯებაში ნათესავებიც დაადანაშაულა. როგორც ჩანს, სწორედ ოჯახის ახლობლებმა მიაწოდეს გამოცემას ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.
New York Times-ის სტატიის გამოქვეყნების ფონზე, პოლიციამ უკვე დაკითხა რამდენიმე პირი, თუმცა ეროლ მასკის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა. ცნობისთვის, ილონ მასკი მამას დიდი ხანია აღარ ეკონტაქტება და მის, როგორც მშობლის როლზე, უარყოფითად საუბრობს. თუმცა მილიარდერს სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ აქამდე არაფერი უთქვამს.




























