მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებამ ნახევარ ტრილიონს გადააჭარბა. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონების ამჟამინდელი შეფასება $500.1 მილიარდს შეადგენს და მეორე ადგილზე მყოფი Oracle-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონებას $150 მილიარდით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ მასკი რეიტინგში პირველ ადგილს მთელი წელია ინარჩუნებს.
მასკი მსოფლიოს ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია და ამას ხელი მნიშვნელოვანწილად Tesla-ს აქციების მკვეთრმა ზრდამ შეუწყო. ცნობისთვის, მცირედი ვარდნის მიუხედავად, წელს ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციების ფასმა წელს 14%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამჟამად მისი კაპიტალიზაცია $1.527 ტრილიონს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ თავად მასკი Tesla-ში 12.4%-იან წილს ფლობს და ბოლო პერიოდში კომპანიის აქციების ზრდამ მის ქონებას დამატებით $6 მილიარდი შემატა. მასკის ქონების ნახევარ-ტრილიონიან ნიშნულამდე მიღწევას ხელი შეუწყო სხვა ტექ-კომპანიების, xAI-სა და SpaceX-ის შეფასებების ზრდამაც.




























