მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ევროპაში მოგზაურობს, გაიზარდა" - ყველაზე პოპულარული ქალაქები საქართველოს მოქალაქეებისთვის

გამგზავრება აეროპორტი

ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებლის ანა კირკიტაძის თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ევროპაში დასვენების მსურველი ქართველების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების სამეულში კი იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ხვდება.

ევროპაში მოგზაურობის გარდა, ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად კვლავ თურქეთის საზღვაო კურორტები რჩება. რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ანა კირკიტაძემ აღნიშნა, საშუალოდ ერთი ადამიანი მოგზაურობისთვის 800-დან 1000 ევრომდე ხარჯავს, გატარებული ღამეების რაოდენობა კი 6-7-ია.

„უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპაში მოგზაურობისადმი ინტერესი გაზრდილია, ამან გააჩინა რეისების დამატების საჭიროება, შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები. ევროპის მიმართულებით აქტიურად მოგზაურობენ ქუთაისიდან, რაც ისევ და ისევ ავიაკომპანიის ინტენსიური რეისებიდან გამომდინარეობს.

ქართველები უმეტესად სეზონების მიხედვით მოგზაურობენ. რაც უფრო მაღალი სეზონია, ზაფხულია, მით უფრო მეტად ჩნდება სურვილი საზღვაო მიმართულების და ამ ნაწილში თურქეთი დღემდე პირველ ადგილზეა, თუმცა გაზრდილია მოთხოვნა იტალიის, ესპანეთის სანაპიროებზე. TOP 3 მიმართულება ევროპაში არის იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი.

თურქეთის კონცეფციაა საინტერესოა All Inclusive-ის გამო, ქართველი დამსვენებლის ფსიქო ტიპს ასეთი დასვენება ერგება, ცოტა „ზარმაცული,“ განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახებისთვის. თურქეთის კონცეფციას ევროპაში ვერ ვთავაზობთ, არ არის ასეთი დიდი გაშლილი სივრცეები, გარდა ამისა ევროპაში რომ მიდიხარ, პირიქით გარეთ გასვლა და ბევრი რამის ნახვა გინდა, რასაც მაგალითად ანტალიაში მოკლებული ხარ.

არის თურქეთში სასტუმროები, სადაც ღამე 700-დან 1000 ევრომდე ღირს და აქაც დადიან ქართველები, მაგრამ საშუალო ბიუჯეტი, რასაც მოგზაურობისთვის ერთი ადამიანი ხარჯავს 800-1000 ევროს ფარგლებშია. ეს თანხა ნაწილდება 1-კვირიან დასვენებაზე. დუბაიც აქტიურია ოღონდ სეზონურად, ზამთარში ბევრი ადამიანი მიდის დუბაიში.

რაოდენობრივად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ევროპაში მოგზაურობს ძალიან გაიზარდა. ვინც საზღვრებს გარეთ გადის მას აუცილებლად ეცვლება წარმოდგენები, მოთხოვნები, ბევრ ახალს ნახულობენ, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს ჰქონდეთ ბიუჯეტური მოგზაურობის საშუალება. ბევრი თავადაც გეგმავს ტურს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ტურისტული კომპანიების მიმართ ამან მოთხოვნა შეამცირა. ბევრია ისეთი ვისაც ტურის დასაგეგმად დრო არ აქვს და ურჩევნიათ პროფესიონალს მიანდონ ეს საქმე“, - განაცხადა კირკიტაძემ.

„უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა"