შეუჩერდება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია - ეს საკითხი მას შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა, რაც პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ბევრად ნაკლები ქართველი მოგზაური შეძლებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას.
როგორც BMG-სთან ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებელი, ანა კირკიტაძე აცხადებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ საქართველოდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გავლენ, რაც თავის მხრივ, ავიაბილეთებს მკვეთრად გააძვირებს.
“იმედია, უვიზო რეჟიმი არ გაუქმდება, თუმცა თუ ეს მოხდება, თავისთავად ყველაფერი ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. ყველას კარგად გვახსოვს, რა სიტუაცია გვქონდა უვიზო რეჟიმამდე. ავიაბილეთები ადრე გაცილებით ძვირი იყო. დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ უფრო მაღალი ფასი ჰქონდა ავიაბილეთებს, ვიდრე დღეს. იმიტომ რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არ დაფრინავდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. როდესაც უვიზო რეჟიმი გაიხსნა, ასეთი ავიაკომპანიების რიცხვი გაიზარდა.
თუკი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ გვექნება, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოს დატოვებენ, რადგან ისინი რეისებს ვერ გაავსებენ. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ბილეთების ფასის ზრდას. უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში დაახლოებით ალბათ ხუთჯერ ნაკლები ადამიანი შეძლებს [ევროპაში] მოგზაურობას, ვიდრე აქამდე. იმიტომ რომ ისევ გახდება საჭირო საკონსულოებში ჩაწერა, საბუთების მოგროვება და ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომ ყველა ვარიანტში შემცირდება ევროპის მიმართულებით მოგზაურების რაოდენობა“, - განაცხადა ანა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადების საპასუხოდ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მრავალი თვეა განხილვის საგანია, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგია.