“როგორც საჯარო სექტორში, ისე ბიზნესში იმ დონეზე უნდა აიწიოს ხელფასებმა, რომ ადამიანებისთვის ქვეყნის დატოვება საინტერესო არ იყოს” - როგორც კვალიფიციური, ისე ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტზე კომპანია „ნოვას“ გენერეალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ პრემიერთან სხვადასხვა სფეროდან ბიზნესის 80-მდე წარმომადგენლის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა სამუშაო ძალა და განათლების საკითხები იყო.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორ საკითხზე გაკეთდა აქცენტი. პირველი - შრომითი მიგრაციის თემა იყო. მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში, როცა ყველაფერი ხელმისაწვდომია და ადამიანები დასაქმებისას გეოგრაფიული არეალით არ არიან შეზღუდულები, შენი კონკურენტია ნებისმიერი ქვეყანა, სადაც შეიძლება ადამიანი წავიდეს და იმუშაოს უკეთესი ანაზღაურებით.
ბიზნესის და სახელმწიფოს ამოცანა ემთხვევა ერთმანეთს, რომ თანდათან როგორც ბიზნესში, ისე საჯარო სექტორში ხელფასებმა იმ დონეზე აიწიოს, რომ ადამიანებისთვის ქვეყნის დატოვება საინტერესო არ გახდეს. რა თქმა უნდა, [ხელფასების გაზრდის საშუალება] როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს ეკონომიკის ზრდამ უნდა მისცეს.
ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ არაერთი ადამიანი წასულა საზღვარგარეთ და შემდეგ უკან დაბრუნებულა... არავისთვისაა სასიამოვნო საკუთარი ქვეყნის დატოვება. მათ ურჩევნიათ, ანაზღაურება მშობლიურ გარემოში გამოიმუშაონ. ამისთვის კი, თანდათან, უნდა დავეწიოთ [აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ანაზღაურებას]. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის ზრდის იმ ტემპს, რომელიც გვაქვს. ფაქტია, დღეისათვის, საშუალო ხელფასები მკვეთრად გაზრდილია 4-5 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. ვფიქრობ, სახელფასო მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება - ამას შრომის ბაზარი არეგულირებს და არა კერძო სექტორი.
მეორე საკითხი კი, რაც [ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე] განიხილა ბიზნესმა, განათლების სისტემას შეეხებოდა - არაერთხელ მისაუბრია, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტია ქვეყანაში, რასაც BAG ინდექსიც აჩვენებს“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე თავად კითხვა არ დაუსვამს, რადგან საკითხი, რაზედაც ინფორმაციის მიღება აინტერესებდა, სხვამ დასვა.
„ერთადერთი კითხვა, რაც მქონდა და ისედაც გაიჟღერა, უკავშირდებოდა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ახალ ბრძანებას, რომელიც მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობისკენაა მიმართული და რასაც ველოდებით. მოგეხსენებათ, „ნოვა“ აწარმოე საქართველოს არაერთი პროგრამის ბენეფიციარია და ჩვენთვის დაფინანსების ლიმიტი ამოწურულია. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ პროგრამის სარგებლიანობას ადგილობრივი წარმოებების განვითარებისთვის“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებით 2024 წლის დეკემბერში ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრაზე, წლევანდელ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესის სექტორულ თემატიკაზე დაისვა.
„შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საკითხებს ეხებოდა. პოლიტიკური თემები არ ყოფილა განხილული... შეხვედრის მთავარი ხაზი და იდეა იყო, რომ სახელმწიფო მზადაა, დაუდგეს ბიზნესს გვერდით, რომ განვითარდეს ქვეყანა. პოზიტიური გზავნილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აფასებს ბიზნესის როლს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში - როგორც ბიუჯეტის შევსების, ისე დასაქმების ნაწილში.
მოგეხსენებათ, დასაქმება გამოწვევაა ქვეყანაში და მსჯელობის ერთ-ერთი თემა იყო, როგორ შევამციროთ ქართველების გადინება ქვეყნიდან და როგორ გავზარდოთ მათი დაბრუნება ემიგრაციიდან ანუ როგორ გავხადოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საქართველო მიმზიდველი“, - განაცხადა „ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა.




























