ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის გაცხადებულ მიზნებს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, არსებული გაზსადენის გამტარუნარიანობა ვერ პასუხობს.
როგორც მან “საქმის კურსში” თქვა, საქართველოზე გამავალ გაზსადენს წლიურად მხოლოდ 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზის გატარება შეუძლია.
“სხვადასხვა მონაცემები აზერბაიჯანის გაზის მარაგებზე განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა. 2.6 ტრილიონ კუბურ მეტრზე იყო საუბარი, თუმცა ზოგიერთ კვლევაში მარაგების მოცულობა 1.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენს. განსხვავებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, ამის გათვალისწინებით აზერბაიჯანს დიდი პოტენციალი აქვს. დიდი ინვესტიციები უნდა ჩაიდოს როგორც მოპოვებაში, ასევე სატრანსპორტო სისტემებში. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მილსადენი უნდა გაკეთდეს, რადგან არსებული მილსადენის მაქსიმალური სიმძლავრე [სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი] 24 მილიარდი კუბური მეტრია. ამ მილსადენში გამავალი ბუნებრივი გაზის გარკვეულ ნაწილს თურქეთი იღებს, რაც 6-8 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. 2022 წელს ქვეყანა 11 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მიაწოდეს ევროპას. იმ დიდ მოცულობას, რასაც აზერბაიჯანი გეგმავს, არსებული გაზსადენით ვერ შეძლებს. მაქსიმუმ დაამატონ 6 მილიარდი კუბური მეტრი. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი [მოცულობების გაზრდით კუთხით], რაც 2-3 წელში ვერ მოხდება”,-ამბობს მამათელაშვილი.
შეგახსენებთ: ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯაინის პრეზიდენტმა გაზის ექსპორტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეულ შეთანხმებაზე. მისი თქმით, მიმდინარე წელს ენერგეტიკული უსაფრთხოება გლობალური გამოწვევა გახდა, ხოლო ევროპის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა.
საუბარია 2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმზე. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
“აზერბაიჯანს საკუთარი საბადოებიდან საერთაშორისო ბაზრებისთვის გაზის მიწოდება სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში შეუძლია. აქედან გამომდინარე, 2.6 ტრილიონი კუბური მეტრი არის ჩვენი რეალური პოტენციალის მინიმალური მოცულობა. ევროკავშირთან ერთად ჩვენი მიზანია მიწოდება გავზარდოთ. ამისთვის წარმოებაში ინვესტირებაა საჭირო. TANAP-სა და TAP-ის გაზსადენები გათვლილია იმ მოცულობებზე, რაზეც კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული. მხედველობაში არ მიგვიღია ევროპისთვის გაორმაგებული მიწოდების საჭიროება ამ მოკლე პერიოდში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ამას გულისხმობს ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეული შეთანხმება”, - განაცხადა ალიევმა.