ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2025 წლის იანვრიდან უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი გაჩერებულია. Gazprom-მა და უკრაინულმა Naftogaz-მა კონტრაქტს ხელი 2019 წლის 30 დეკემბერს მოაწერეს და ის 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო მოქმედი.
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტას ევროპის ბაზარზე გავლენა არ ექნება, რადგან ამ წყაროდან მიღებული ბუნებრივი აირის ჯამური მოცულობა 13 მილიარდ მ3-ს არ აღემატებოდა.
"გაზის შეწყვეტა არ იყო იმ მასშტაბის, რაც 2022 წელს მოხდა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სანამ უკრაინაში ომს დაიწყებდა ის დაახლოებით 140 მილიარდი მ3-დან 160-მდე გაზს აწვდიდა ევროპას. ახალ გაზსადენს, რომელიც დღეს ფუნქციური არ არის (Nord Stream 2) მას კიდევ დამატებით 55 მლრდ მ3 გაზი უნდა დაემატებინა. შესაბამისად, რაც ახლა მოხდა მასშტაბით ძალიან ცოტაა. ეს არ იყო დიდი დარტყმა და ამისთვის ევროპა მზად არის. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის რომ ბუნებრივი აირის ჩანაცვლება ევროპაში ძირითადად LNG-ით ხდება, რასაც იღებს ნორვეგიიდან და აშშ-დან. უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივ აირს იღებდა უნგრეთი და სლოვაკეთი. ეს ორი ქვეყანა არ არის გაზის მოხმარებაში გიგანტები. თუ ავსტრიასაც დავამატებთ ამ სამი ქვეყნის ჯამური მოხმარება 13 მლრდ მ3 გაზს არ აღემატებოდა. ეს ომამდე ნიშნულთან შედარებით, საკმაოდ მცირე მოცულობაა", - ამბობს მამათელაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უფლებას ვერ მისცემდნენ გაზის გაყიდვით დამატებით მილიარდები კიდევ ეშოვა. ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას მოსკოვის "დიდი მარცხი" უწოდა, რადგან რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ ევროპისთვის გათხევადებული გაზის [LNG] მიწოდებას გაზრდის. თავის მხრივ ევროპაში რუსული გაზის გაყიდვები შემცირდა, 2023 წელს რუსული ენერგოგიგანტი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად იყო ზარალზე და დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი იზარალა. Gazprom-ის ზარალის მთავარი მიზეზი ევროკავშირში შემცირებული გაყიდვებია, რასაც ჩინეთი ვერ აკომპენსირებს, ბევრი მიზეზის, უმთავრესად კი ევროპასთან შედარებით მცირე გამტარობის გაზსადენის გამო.
უკრაინაზე გამავალი მილსადენით გაზს ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი იღებდნენ, რაც დაახლოებით ევროკავშირის ჯამური იმპორტის 5% იყო. ამ მარშრუტის ჩაკეტვის შემდეგ, ევროპა ამ ეტაპზე რუსულ გაზს "თურქსტრიმიდან" იღებს, რომლის წლიური გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 31 მილიარდი კუბური მეტრია.
უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქვეყნის, სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ გაზის იმპორტის შეჩერება რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს და რეგიონში გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასს გაზრდის. ფიცოს შეფასებითვე, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება. უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერება, ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე დიდ დარტყმას მოლდოვას მიაყენებს.
თავის მხრივ, ევროკომისია ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამისთვის მზად იყვნენ და წევრების უმრავლესობა მიწოდების შემცირებას გაუმკლავდება. რუსეთი უკრაინის გავლით ევროპას გაზს 1991 წლიდან აწვდიდა და კონტრაქტის შეწყვეტით მნიშვნელოვანი ბაზრები დაკარგა, თუმცა ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირი უფრო იზარალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ისევ იღებენ რუსეთიდან დიდი ოდენობით გაზს, ეს კრემლს საშუალებას აძლევს წლიურად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს. 2023 წელს რუსული გაზის იმპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში 10%-ზე ნაკლები იყო, მაშინ როცა ომამდე, 2021 წელს რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 40%-ს აღწევდა.