სტამბოლის დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს პირველი სასამართლო სხდომა 11 სექტემბერს გაიმართება. თურქული ოპოზიციის ყოფილ ლიდერს საუნივერსიტეტო დიპლომის გაყალბებაში ედება ბრალი.
როგორც ცნობილია, იმამოღლუ მარტში დააკავეს. მას ამ ბრალდებასთან ერთად თურქეთის პროკურატურა კორუფციასაც ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა ქალაქის მერის დიპლომი გააუქმა. შედეგად, ოპოზიციის ლიდერს 2028 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.
ექრემ იმამოღლუ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით მიიღო. თავის მხრივ, მკაფიო პოზიცია ყოფილი მერის პარტიამაც დააფიქსირა. თურქეთის მთავარ მოედანზე რესპუბლიკელების მილიონობით მომხრე რამდენჯერმე შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ პროტესტის ადრესატი, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაერთი ქვეყნის ლიდერმა გააკრიტიკა.
სტამბოლის ყოფილი მერის ბედი ახლა მოსამართლეზეა დამოკიდებული. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი იმამოღლუსთვის 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ თუ ოპოზიციის ლიდერი დამნაშავედ ცნეს, ის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოსახვედრად ვეღარ იბრძოლებს.
კრიტიკოსების შეფასებით, პროკურატურის უკან პრეზიდენტი ერდოღანი და მისი პოლიტიკური ინტერესი დგას. როგორც ცნობილია, იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად განიხილებოდა.




























