ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის მიერ ევროგაერთიანების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინას დასჭირდება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრისას მხარეებმა ხვალ, თეთრ სახლში დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს და მედიისთვის საერთო პრესკონფერენციაც გამართეს.
ფონ დერ ლაიენმა ხვალ ჩანიშნულ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ის, უკრაინამ უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მიიღოს.
“მშვიდობას მხოლოდ სიძლიერის ჩვენებით მივაღწევთ. უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, რადგან ის არამარტო მისი, არამედ ევროპის დაცულობისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ, დონალდ ტრამპის მიერ NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმის უკრაინისთვის შემოღებას მივესალმებით”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიის მიცემაში თავის წვლილსაც აუცილებლად შეიტანს. მან ასევე ისაუბრა, უკრაინის შეიარაღებაზე და განაცხადა, რომ ქვეყანას მოკავშირეებისგან იარაღის მიღება არ უნდა შეეზღუდოს.
გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყნის წინსვლას ისინი ყველანაირად შეუწყობენ ხელს.
დასასრულს, ევროკომისიის პრეზიდენტმა პუტინის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის “მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ” შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მხოლოდ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს.




























