მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველო არ შეურთდა სანქციებს - დევიდ ო’სალივანი

649c419d01943
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 18:26
1173
სანქციების აღსრულების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი აცხადებს, რომ EU იმედგაცრუებულია იმ გარემოებით, რომ საქართველო არ შეუერთდა იგივე სანქციებში, რომლებიც უკრაინაში შეჭრისთვის ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა. თუმცა ავადროულად ო’სალივანის განმარტებით EU-ს ესმის რა არის ამის მიზეზები, რომელთა გამოც საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს. საუბარია ისეთი სანქციების დაწესებაზე, როგორიცაა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო ცის ჩაკეტვაზე და სხვა ზომებზე, რომლებიც EU-ში მოქმედებს, საქართველოს კი ისინი არ დაუწესებია. უკვე მოქმედი სანქციების აღსრულების მიმართულებით კი დევიდ ო’სალივანის თქმით, საქართველოში დანერგილია ზომები, რომლებიც ქვეყნის სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად ქცევას გამორიცხავენ.

EU-ს სანქციების სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის მთავარი საკითხი 38 დასახელების ელექტრონული მოწყობილობის სავაჭრო კონტროლს შეეხებოდა. ო’სალივანის თქმით, საუბარია მიკროჩიპებსა და სხვა მოწყობილობებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ჯარის მიერ იარაღის წარმოებისთვის გამოიყენება.

"ჩვენ ვუყურებთ სანქციების გვერდის ავლის საკითხებს. განსაკუთრებით კი ფოკუსირებული ვართ 38 დასახელების ელექტრონულ საქონელზე, რომლებიც სამხედრო მნიშვნელობის მქონე კომპონენტებს წარმოადგენენ. ჩვენ ამ მისიის ფარგლებში არაერთ სახელმწიფოს ვესტუმრეთ. ზოგიერთი ვიზიტი ჩემს ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად შედგა, ზოგიერთი კი მათგან დამოუკიდებლად. საქართველო არ ახდენს სანქციების იმპლემენტაციას, რასთან დაკავშირებითაც იმედგაცრუებული ვართ, რადგანაც ამას აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ევროპული ასპირაცია აქვს და ის არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. თუმცა ჩვენ გვესმის ქვეყანაში არსებული ვითარება, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, რაც რუსეთთან გაქვთ. შესაბამისად გვესმის, რომ ისინი [მთავრობა] არ უერთდებიან ჩვენს სანქციებს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორ დღეში ნანახმა იმაში დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დანერგილია მნიშვნელოვანი ზომები საქართველოს გავლით 38 სენსიტიური დასახელების ელექტრონული მოწყობილობის ექსპორტის აღკვეთასთან დაკავშირებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფინანსურ სანქციებთან მიმართებითაც. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ დანერგილი პროცედურებით ჩვენ გაკვირვებული ვართ. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენი ვიზიტი არის პარტნიორული და ერთ დღეს მოხარული ვიქნებით საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ. ამიტომაც გვსურს, რომ სანქციების საკითხი, რომელიც სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური, უნდა იყოს აღსრულებული იმ სახით, რომ ის არ იქცეს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად. ის, რაც ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარწმუნებს იმის თქმაში, რომ ეს ასე ნამდვილად არაა და ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რის გამოც ეს მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს.

კითხვაზე - იყო თუ არა სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები, ო'სალივანი აცხადებს: "მოხარული ვიქნებოდი მეთქვა, რომ არ ყოფილა არცერთ ქვეყანაში სანქციებისთვის გვერდის ავლის ფაქტები. სადაც არის სანქციები, იქ არის მათი გვერდის ავლაც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის ზომები, რომლებიც საქართველოში არის დანერგილი, წარმოადგენს საკმაოდ მყარ გარანტიას, რომ სანქციების გვერდის ავლა არ განხორციელდება", - განაცხადა დევიდ ო'სალივანმა. 

დღეს საქართველოში აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სპეციალური წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები