მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვაქვს, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები აშშ-ს ზურგს არ შეაქცევენ - დეგნანი

6438fd41cdb85
მარიამ ვარადაშვილი
14.04.23 11:18
745
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ს სამომავლო ურთიერთობაზე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა, მმართველი გუნდის რიტორიკა, რომლის პირობებშიც რუსული სტილის კანონის მიღება სცადეს, აისახოს ამერიკის დახმარებაზე, ელჩი პასუხობს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს კონგრესში. მაგრამ ქვეყნის კურსთან დაკავშირებით როგორც კელი დეგნანი ამბობს, აშშ-ში შეშფოთებული არიან.

“საქართველოს კვლავაც ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში. ათწლეულებია, კონგრესი ამ დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოსთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა მიემართება საქართველოს მოსახლეობას… ყველაფერი ეს კეთდება საქართველოს საზოგადოების ინტერესების, ოცნებების, მოთხოვნების მხარდასაჭერად ძლიერი, დაცული, აყვავებული დემოკრატიის აშენების კუთხით. დარწმუნებული ვარ, კონგრესი კვლავაც ფოკუსირდება საქართველოს დახმარებაზე ყველა შესაძლო გზით და გააგრძელებს [ამ] დახმარების უზრუნველყოფას. მე კონგრესის სახელით ვერ ვისაუბრებ, რადგან ის ხელისუფლების ცალკე შტოს წარმოადგენს, თუმცა ვიცი, რომ საქართველოს მხარდაჭერა, რესპუბლიკელებსა თუ დემოკრატებს შორის, კვლავ ძალაშია. არის გარკვეული შეშფოთება, თუ საით მიდის საქართველო, თუმცა როგორც კონგრესს, ისე სახელმწიფო დეპარტამენტს ესმის, რომ ეს რთული პროცესია.

რაც შეეხება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა და გაგვაჩნია ერთად გაკეთებული საქმეების მყარი გამოცდილება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე; იმ ძლიერი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეძლებს თავისი საზღვრების დაცვას, თავისი ბაზრის დივერსიფიცირებას რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც, შეძლებს სამუშაო ადგილების შექმნას მეწარმეობითა და შემოქმედებითი ქართველების გამჭრიახობით.

როცა საქართველოს გარშემო ვმოგზაურობდი, შევხვდი შესანიშნავ ადამიანებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომელთაც დიდებული იდეები აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიტანონ წვლილი თავიანთი საზოგადოების, ქვეყნის [განვითარებაში]. მე მწამს, რომ კიდევ ბევრი გვაქვს ერთად სამუშაო და შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ აშშ ზურგს არ შეაქცევს საქართველოს საზოგადოებას. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერებიც არ შეაქცევენ ზურგს აშშ-ს”,-ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები