„მაქვს იმედი, ბიზნესიც გამოიჩენს მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მეტ სოლიდარობას ერთმანეთის მიმართ და შევეცდებით, ერთიანობით შევცვალოთ ქვეყნის ტრაექტორია“, - თავისი სურვილი ბიზნესმენმა რესან ქიქავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, 2025 წლის შეჯამებისას გააჟღერა. ბიზნესმენს ნაკლებად სჯერა ეკონომიკის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების - მიზეზი ქვეყანაში არსებული ავტორიტარიზმია. „წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა, რომელიც სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისგან არასდროს იკავებს თავს, ვრცლად ისაუბრა ბიზნესის როლზე ავტორიტარიზმის პირობებში, სოლიდარობის დეფიციტსა და იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ახლავს თან. რესან ქიქავა ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის აქტიურობა ქვეყნის ტრაექტორიის შესაცვლელად.
- 2025 წელი პოლიტიკურად ძალიან რთული იყო, მაგრამ როგორი იყო ეკონომიკისთვის? - მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 7%-ზე მაღალი იქნება...
- ეკონომიკაში რიცხვებს იმ ინსტიტუციების მხრიდან, რომელიც ავტორიტარიზმის ერთ ვერტიკალში არიან მოქცეული, ცხადია, ვერ ვენდობი. რაც შეეხება იმას, თვითონ ეკონომიკა როგორი იყო, ვფიქრობ, ეკონომიკამ გაუძლო - მათ შორის გაუძლო კომპანიების სიყოჩაღით, მედეგობით და ქართული ბიზნესების წინდახედულობით. პრინციპში, მოხდა იმ ზიანის მინიმიზაცია, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთი ტიპის მოვლენებს და ამაში რაღაც საერთო როლი ბიზნესმა ითამაშა, თუმცა სამწუხაროდ, ბიზნესმა, ვერ ითამაშა როლი სოლიდარობის და თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის კუთხით. ვისურვებდი, ამ მხრივ, უფრო მეტი მეტი აქტიურობა მენახა, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით ვფიქრობ, ბიზნესმა წარმატებით გაართვა თავი თავის მოვალეობას.
- იმედი გაქვთ, რომ რაც დრო გადის და რაც უფრო და უფრო ღრმავდება ქვეყანაში ავტორიტარიზმი, ბიზნესი შეძლებს, მათ შორის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილშიც უფრო ხმამაღალი იყოს?
- დიახ, რა თქმა უნდა. მაქვს იმედი, რომ ბიზნესიც გამოიჩენს მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მეტ სოლიდარობას ერთმანეთის მიმართ და შევეცდებით, ერთიანობით შევცვალოთ ქვეყნის ტრაექტორია... [სამწუხაროდ], ჩვენ ძალიან ცოტა მოქალაქე გვყავს სახელმწიფოში პროცენტულად - მოქალაქეში ვგულისხმობ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მისი საქმე არის ყველაფერი, რაც ამ ქვეყნის თავს ხდება და გამოსასწორებელი; თუმცა არ მინდა, პესიმისტურად ვიყო განწყობილი - ვხედავთ უფრო მეტი და მეტი მოქალაქის „გამოღვიძებას“... ვფიქრობ, იმ ტერორიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ვხედავთ, ადამიანებს რასაც უშვრებიან, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც რუსთაველზე დგას, არის საკმარისი...
- კარგია, რომ იმედიანად ხართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბიზნესმენები წლის დასაწყისში უფრო ხმამაღლა და ხშირად აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ხელისუფლებისგან ითხოვდნენ გამოსვლის გზების ძიებას, და სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს, ვიდრე - წლის მეორე ნახევარში...
- ადრეც გვისაუბრია, რომ ჩვენთან, სამწუხაროდ, პოლიტიკური კულტურა ასეთია - ნებისმიერ ხელისუფალს, წარსულშიც და აწმყოშიც, მიაჩნია, რომ ბიზნესი აუცილებლად უნდა იყოს უნისონში ხელისუფლებასთან; კრიტიკის მიმართ მიმღებლობა, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პოლიტიკურ ნაწილს, ხელისუფლებას არ აქვს... როცა ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთ ვერტიკალში - თუ გადაწყვეტს ხელისუფალი, რომ ხვალ ესა თუ ის ბიზნესი აღარ უნდა არსებობდეს, ის აღარ იარსებებს - ავტორიტარიზმი ზუსტად ამას გულისხმობს; ასეთ მოცემულობაში ბიზნესი დარჩა აბსოლუტურად პირისპირ, ერთი ერთზე სახელმწიფოსთან. ყველამ იცის [ბიზნესის] შიგნით სოლიდარობა როგორი არის და არცერთ ბიზნესმენს არ შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას თუ რამე მოუვიდა, სხვა ბიზნესი ხმას აიმაღლებს - ასეთი რამე არ ხდება არცერთ სივრცეში, არა მხოლოდ ბიზნესში. აი, მოქალაქეების ნაკლებობაზე რომ ვისაუბრე, სწორედ ამას ვგულისხმობ... ბევრ რაღაცაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მათ შორის "ოცნების" მხარდამჭერებთან, მაგრამ ორი მოცემულობა გვაქვს, რაც ფაქტია: პირველი - ავტორიტარული რეჟიმი - ძალაუფლება ერთ ვერტიკალშია მოქცეული, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს თავში ვიღაც, ისე აღსრულდება ანუ არანაირი შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს და მეორე - არის იზოლაცია დასავლეთიდან. ამ მოცემულობაში ცხადია, ვერც ბიზნესი ვერანაირად ვერ გრძნობს თავს დაცულად და ვერც - ადამიანები. ერთადერთი არის ერთიანობა და სოლიდარობა, რათა შევეწინააღმდეგოთ ამ პროცესს. არ ვგულისხმობ იმას, რომ ვინმეს ომი უნდა გამოვუცხადოთ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ერთად შევეწინააღმდეგოთ მოვლენების ასე განვითარებას. არ შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ფაქტორების და პარტნიორების შემყურე ვიყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაწევა ყველა იმ უსამართლობის მიმართ, რომელიც ხდება პირდაპირ ჩვენ თვალწინ, მათ შორის კორუფციასთან მიმართებით, რომელზედაც ამდენი ხანია ვსაუბრობდით და ახლა უკვე [მთავრობამაც დაიწყო საუბარი], თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდა რაღაც დაპირისპირება [ქართული ოცნების] ჯგუფებს შორის.




























