რეგიონული განვითარება დეცენტრალიზაციის გარეშე შეუძლებელია. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ გვინდა კარგი ქვეყანა, ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა, არაფერი არ ვითარდება - ამის შესახებ BMG-სთან ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, დეცენტრალიზაციის გარეშე რეგიონები ვერ განვითარდება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ძალაუფლების, ქონებისა და რესურსების გადაცემას გულისხმობს.
„ეს არის პირველი და უმთავრესი, თუმცა, დღეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არამართებული გვაქვს. არასწორია, როდესაც დღევანდელ ვითარებაში, ამ არასწორ მექანიზმში ცდილობენ რაღაცებს შესწორებას, იმიტომ, რომ უფლებამოსილებებისა და სხვა საკითხების გადანაწილებას არანაირი აზრი არ აქვს.
დეცენტრალიზაციის გარეშე რეგიონული განვითარება ვერ ხორციელდება. ჩვენ გვინდა ველოსიპედი გამოვიგონოთ, თუმცა, ის დიდი ხანია მოგონილია, ისევე, როგორც მოფიქრებულია, თუ როგორ უნდა გადაწყდეს რეგიონალური განვითარების საკითხები - შეგვიძლია, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაგალითი ავიღოთ, მაგალითად, სამხრეთ კორეის: 21-ე საუკუნეში, დეცენტრალიზაციის მეოთხე რეფორმას იწყებენ, ანუ მაქსიმალურად ქვედა რგოლში ჩააქვთ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ხვდებიან, რომ ეს არის ერთადერთი შანსი, სახელმწიფო თანხების ხარჯვა მოსახლეობის მოთხოვნილების ადეკვატური იყოს. იმიტომ, რაც უფრო ახლოს არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები ხალხთან, მით უფრო მეტად ასახავენ ამ ადამიანების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი BMG-სთან.
მისივე შეფასებით, საყურადღებოა ე.წ. „ჯინის რეიტინგი“, რომელიც რეგიონებს შორის ეკონომიკურ უთანასწორობას ზომავს. მისი თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გავრცელებული რეიტინგია, რომელიც ზომავს ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების უთანაბრობას რეგიონებს შორის. ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ უმაღლესი უთანაბრობით. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ გვინდა კარგი ქვეყანა, ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება (ამ ქალაქებშიც რა და როგორ ვითარდება სხვა საკითხია). ამისი მიზეზი არის ზედმეტი ცენტრალიზაცია და ამის განმტკიცების ნებისმიერი მცდელობა. ფაქტობრივად, ავტორიტარიზმის პირობებში, რეგიონების განვითარების ყველა მცდელობა ფუჭი იქნება. სამწუხაროდ, 30 წელია ამას ვუყურებთ“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
საქართველოს 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტის ვადა ამოიწურა. მთავრობის შეფასებით, ძირითადი შედეგები მოიცავს მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდას, უფლებამოსილებების გაფართოებას და ადგილობრივი მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუალედური და წლიური ანგარიშების, ასევე მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამის მიხედვით, სტრატეგიის ფარგლებში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ზოგიერთი მიზნობრივი მაჩვენებელი კვლავ გამოწვევად რჩება. მათ შორისაა, ფისკალური დეცენტრალიზაციის ტემპი - ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობის ხარისხი ცენტრალური ბიუჯეტიდან კვლავ დაბალია. ასევე, კადრების კვალიფიკაცია - რეგიონულ მუნიციპალიტეტებში კვლავ მწვავედ დგას მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი ახალი უფლებამოსილებების ეფექტურად შესასრულებლად.



























