მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედია, საქართველოს აეროპორტებიც შეძლებენ სამაცივრე ჯაჭვის შექმნას, რათა ექსპორტი გაიოლდეს" - მოცვის მწარმოებელი

მოცვი

მოცვის დარგისთვის მთავარი გამოწვევა შესაბამისი ლოგისტიკური შესაძლებლობების არარსებობაა - ამის შესახებ BMG-სთან „კოლხური კენკრის“ დამფუძნებელი ლაშა ნოდია საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ინდოეთის, სინგაპურის და სხვა აზიური ბაზრების ათვისების სურვილი აქვთ, ამის საშუალებას ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური ბარიერები არ აძლევთ.

„ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ლოგისტიკური შესაძლებლობები, არ არის სამაცივრე მეურნეობები აეროპორტებში, რაც შეუძლებელს ხდის, ქართული აეროპორტებიდან პროდუქტი შორ მანძილზე მივაწოდოთ. ამიტომ ვიყენებთ სტამბოლის აეროპორტს - ეს მიმართულება გაიტესტა, ასევე ბაქოს მიმართულება იყო საინტერესო. მომავალ წლებში, იმედი მაქვს, რომ აეროპორტები საქართველოშიც შეძლებენ შექმნან სამაცივრე ჯაჭვი, რომ საქართველოდან მიწოდება გაიოლდეს. დღეს ეს ძალიან ძვირი ფუფუნებაა და ბევრ რისკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ტემპერატურულმა ცვლილებამ შეიძლება პროდუქტი დააზიანოს“ - ამბობს ლაშა ნოდია BMG-სთან.

მისივე თქმით, გამოწვევაა ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობების დეფიციტიც - მცირე მეურნეობებს (1-დან 5 ჰექტარამდე) არ აქვთ რესურსი, საკუთარი მაცივრების მოსაწყობად, არსებული საიჯარო ფართები კი ხშირად, მსხვილი შუამავლების მიერ არის დაკავებული. ეს ფერმერებს აიძულებს პროდუქცია დაბალ ფასად, სწრაფად გაყიდონ.

„სამაცივრე ინფრასტრუქტურა არ არის მცირე ღირებულების ინვესტიცია, ეს დიდი ინვესტიციაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხარდაჭერა აგროკრედიტით და გრანტებით არსებობს, მოცვის მცირე ბაღებს ამის რესურსი არ აქვთ. 5 ჰექტრამდე ბაღისთვის დიდი ინფრასტრუქტურის გაკეთება ძალიან რთულია და შემდეგ ამ ინვესტიციის უკუგება ფაქტობრივად - შეუძლებელი.

რაც შეეხება გასაქირავებელ სამაცივრე მეურნეობებს, ქირავნობის საშუალება არსებობს, მაგრამ ბევრი ალტერნატივა - არა. ამ სამაცივრე მეურნეობებს წინასწარ ქირაობენ ის პირები, რომლებიც აგროვებენ მოცვს და სხვადასხვა ბაზარზე გააქვთ - გარკვეულწილად შუამავლები იღებენ გრძელვადიან ქირას და ამიტომ მცირე ფერმერულ მეურნეობებს რესურსი აღარ რჩებათ“, - ამბობს ლაშა ნოდია.

მიუხედავად სირთულეებისა, ლაშა ნოდია დარგის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბაზარი გამსხვილებისკენ წავა.

„ტრენდი მიდის ხარისხიანი ბაღების შექმნისკენ. მხოლოდ მსხვილი და კარგად აღჭურვილი მეურნეობები შეძლებენ ევროპულ და აზიურ ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას,“ - ამბობს ლაშა ნოდია.

ცნობისთვის, ქართული მოცვის მთავარ სარეალიზაციო ბაზრად რუსეთი რჩება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული მოცვის 95% სწორედ რუსეთზე მოდის. სამინისტროს თანახმად, 2026 წლის 1 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით ექსპორტირებულია 2.2 ათასი ტონა მოცვი, 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 13%-ით (259 ტონა), ხოლო ღირებულება 12%-ით (1.7 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

  • რუსეთი - 2 097 ტონა;
  • სომხეთი - 44 ტონა;
  • გერმანია - 30 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18 ტონა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 7.1 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები