მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმედია, წულუკიანი გააკეთებს იმას, რაც კულტურის ვერცერთმა მინისტრმა ვერ შეძლო”

605f43456b13e
ანუკა ჯოხაძე
27.03.21 19:40
1405
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ჯერ-ჯერობით უცნობია თავად მინისტრის პოზიცია,  როგორ განაწილდება სამინისტროსთვის გამოყოფილი 300,7 მილიონი ლარი(საიდანაც კულტურის მიმართულებაზე 125 მლნ ლარია გათვალისწინებული) თუმცა კულტურის სფეროში ჩართული ადამიანები უკვე ასახელებენ იმ ძირითად პრობლემურ საკითხებს, რაზეც იუსტიციის სამინისტროდან კულტურის სფეროში გადასულმა მინისტრმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

სხვა თეატრების მსგავსად 1 აპრილიდან იხსნება "თავისუფალი თეატრიც", სადაც 16 აპრილამდე დაგეგმილ ყველა სპექტაკლზე ბილეთები თითქმის სრულად გაყიდულია. ამის მიღმა პრობლემები მრავლადაა, რომელზეც BM.GE-თან თეატრის დამფუძნებელმა ავთო ვარსიმაშვილმა ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, მთავარი გამოწვევა, რაც თეატრების მიმართულებით დღეს არსებობს და რომელიც კულტურის ვერცერთმა მინისტრმა მოაგვარა, დაფინანსების მანკიერი სისტემაა. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული თეატრების დაფინანსება არამართლზომიერად ხდება. თეატრებს ერიცხებათ თანხები, თუმცა რა პრინციპით ეს გაურკვეველია. ვარსიმაშვილი თეატრების დაფინანსებისთვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვს.

“ქალბატონი თეა წულუკიანი ტოვებს იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც თავისი ნების გატარების ძალა აქვს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის გააკეთებს იმას, რაც მანამდე ვერც ერთმა მინისტრმა ვერ შეძლო. მთავარია, ის კრიტერიუმები შემუშავდეს, რა კრიტერიუმებითაც ფინანსდება ესა თუ ის კულტურული ობიექტი ან თეატრი. იქამდე, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული ეს კრიტერიუმები, არანაირ რეფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პირობაა იმისთვის, რომ კულტურა ვითარდებოდეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფინანსების ნაკლებობაზე, აქ საუბარია ფინანსების სწორად წარმართვაზე. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და იმედი არ გამიცრუვდება,”-აცხადებს თავისუფალი თეატრის დამფუძნებელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ცნობისთვის, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წელს ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა. სწორედ ამ შემცირებაში მოჰყვა კულტურისა და სპორტის სამინისტროც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეურთდა. 2020 წლის დეკემბერში უკვე ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, მზად იყო, გაუქმებული სამინისტრო ისევ აღედგინა, ასეც მოხდა. კულტურის სამინისტრო ამჯერად თეა წულუკიანმა ჩაიბარა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი 300,7 მლნ ლარით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები