საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში არის საუბარი.
IMF-მა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები ფონდის მეოთხე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით გამართა დღეს კი შესაბამისი შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მნიშვნელოვანწილად იგივე საკითხებია აღნიშნული, რაც IMF-ის მისიის ვიზიტის შემაჯამებელ პრესრელიზში ჯერ კიდევ 4 ივნისს იყო მიმოხილული, ასევე უცვლელად არის შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ფონდის მიერ წელს საქართველოსთვის 7.2%-ზეა ნავარაუდევი.
IV თავის კონსულტაციების შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხი ფონდისთვის კვლავ ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად რჩება. ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების მიწოდება შეზღუდული უნდა ჰქონდეს. ასევე ნათქვამია, რომ IMF-ი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების საპრეზიდენტო მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლას, როდესაც საკითხებზე გადაწყვეტილებებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს.
"ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სებ-ის პრეზიდენტი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არაა მიღებული. რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სებ-ის პრეზიდენტის შემცვლელის (მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნის წესი და გააუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე, სებ-ის საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სებ-ის მმართველობის ხარისხს", - ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა შეეხება მთავრობის მიმართ სებ-ის მიერ ისეთი ფინანსური გადარიცხვის განხორციელების შეჩერებას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აქ საუბარია სებ-ის მიერ მთავრობისთვის მოგების განაწილების წესზე, საქმე ისაა რომ სებ-ი ყოველწლიურად საკუთარი მოგებიდან მნიშვნელოვან ნაწილს ცენტრალურ ბიუჯეტში რიცხავს, კერძოდ 2023 წელს სებ-ს 559 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა, საიდანაც 303 ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხა 256 მლნ ლარი კი დაიტოვა, 2024 წელს კი სებ-ს 1.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, საიდანაც 670 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადარიცხა, 434 მილიონი კი თავის სარეზერვო ფონდში მიმართა. სებ-ის მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ეროვნული ბანკი იღებს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.
თუმცა მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვის რეკომენდაცია მხოლოდ სებ-ის მოგების განაწილებას არ ეხება და ასევე მოიცავს იმ შესაძლებლობასაც რომლითაც სებ-ს შეუძლია თანხები გადარიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში და ეს საკუთარ ხარჯად ასახოს. ტექნიკურად, სებ-ს კანონმდებლობა ამას არ უკრძალავს. კანონმდებლობით აკრძალულია სებ-ის მიერ მთავრობისთვის თანხის სესხება, თუმცა პირდაპირი დაფინანსების გაცემა შეზღუდული არაა. მსგავსი დაფინანსება სებ-ს ფაქტობრივად არასდროს გაუცია, თუმცა IMF-ში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თუკი აღნიშნული კანონმდებლობით იქნება აკრძალული. სწორედ ამიტომ IMF-ი დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების გაცემის შეზღუდვას ითხოვს.




























