მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IMF გვეთანხმება, რომ მსხვილი საწარმოები, რომელთაც არ ვმართავთ, ფონდიდან უნდა გავიდნენ"

5e0b3d206720f
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 10:00
1298
2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საპარტნიორო ფონდში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროექტი უნდა გასაჯაროვდეს. ამის შესახებ BMG-ის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განუცხადა. საგანელიძის თქმით, მისი შეფასებით, ახალი სტრუქტურული მოწყობის ფარგლებში ფონდში აღარ უნდა შედიოდნენ ის მსხვილი სახელმწიფო კომპანიები, რომელთაც დღეს "საპარტნიორო ფონდი" აერთიანებს.

დღეს ეს კომპანიებია - საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი (ესკო) და თელასის აქციების 24%-იანი პაკეტი. 

დავით საგანელიძე ამბობს, რომ მისი აზრით, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ეს კომპანიები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავლენ. ამასთანავე, დავით საგანელიძე ამბობს, რომ აღნიშნულ შეფასებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იზიარებს, რომელთან ერთადაც საქართველოს მთავრობა და საპარტნიორო ფონდი რეორგანიზაციის პროექტზე მუშაობს. 

"სავალუტო ფონდი ძალიან ბევრ საკითში აბსოლუტურად გვეთანხმება. სავალუტო ფონდს მიაჩნია რომ აბსოლუტურად სწორია, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც ჩვენ არ ვმართავთ, ჩვენგან იყოს გასული და ისინი თავიანთ დივიდენდს პირდაპირ ბიუჯეტში მიმართავდნენ,"- ამბობს დავით საგანელიძე. 

შესაძლო მოდელი, რომლითაც ფონდის გარდაქმნა განიხილება, ითვალისწინებს ფონდის აქტიურ მონაწილეობას პრივატიზების პროცესში. დავით საგანელიძის თქმით, მისი შეფასებით უფრო ეფექტური იქნება მოდელი, რომლის ფარგლებშიც საინვესტიციო პროექტებში ფონდის მონაწილეობა არა დღეს არსებული სისტემის მსგავსად ძირითადად ფულად ინვესტიციას შეადგენს, არამედ მოდელი, როდესაც ფონდი საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობას უძრავი ქონების გადაცემის სახით მიიღებს. 

დავით საგანელიძე BMG-სთან საპარტნიორო ფონდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრობს:


- რა ცვლილებები იგეგმება საპარტნიორო ფონდში? 

- დამერწმუნებით, საპარტნიორო ფონდს სჭირდება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები. ამაზე უკვე სამი - ოთხი წელია არის აქტიურად საუბარი, წელს უკვე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ბორდთან შეთანხმებით დავიწყეთ ამაზე საუბარი.სავალუტო ფონდიც არის ჩართული ამ დისკუსიაში. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარტნიორო ფონდი, გარკვეული ხარვეზებიანი სტრუქტურა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, მაშინ მოგეხსენებათ სხვა გამოწვევები იყო, სხვა ამოცანები იყო, რეფორმირდეს... დღეს როდესაც ფონდი რეალურად არ მართავს თავის შვილობილ კომპანიებს, როგორიცაა რკინიგზა, სახელმწიფო ელექტროსისტემა, გაზის და ნავთობის კორპორაცია, რაც სწორია რომ არ მართავს, მაგრამ არ არის სწორი, რომ ფონდში შემოდის ეს კომპანიები. ეს არის მხოლოდ დოკუმენტზე, დე-იურედ. მე ვფიქრობ და ეს აზრი დიდი ხანია არსებობს უკვე, რომ ეს კომპანიები უნდა იმართებოდნენ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ და არ უნდა იყვნენ ჩვენს განკარგულებაში. შესაბამისად, საპარტნიორო ფონდს უნდა ჰქონდეს სუფთა საინვესტიციო მიმართულებებზე მეტი აქცენტები გაკეთებული. შესაბამისად, სტრუქტურაც ამაზე უნდა იყოს მორგებული. ფონდის რეგლამენტი, ფონდის დებულება, უნდა იყოს უფრო კონცენტრირებული საინვესტიციო საქმიანობაზე. ვგულისხმობ მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, მე ვგულისხმობ გადამამუშავებელ წარმოებას, ბუნებრივ წარმოებას, ეს უნდა იყოს ჩვენი საინვესტიციო საქმიანობის პრიორიტეტი. გარკვეულწილად ცვლილებები უნდა იყოს ალბათ ბორდში, სასურველი იქნებოდა მეტი ჩართულობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ბორდის საქმიანობაში. 

2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ალბათ გატარდება ეს ღონისძიებები (იგულისხმება რეორგანიზაცია/რეფორმირება), მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტივი თემა, როგორც მოგეხსენებათ ფონდს საკმაოდ ბევრ პროექტში აქვს მონაწილეობა. საკმაოდ ბევრია ის იურიდიული - ბიუროკრატიული დეტალები, რომლებიც ასეთ სერიოზულ ცვლილებებს სჭირდება.

- დარჩება თუ არა რეფორმირებულ ფონდში რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია და სხვა მსხვილი აქტივები? 

- ეს არის სწორედ ჩემი ხედვა. მე ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ მე სწორედ ვფიქრობ, რომ იგივე საქართველოს რკინიგზა, იგივე გაზისა და ნავთობის კორპორაცია, ელექტროსისტემა, თელასის აქციები და სხვა, ეს ყველაფერი დღეს არის ფონდში და რომელთა დივიდენდებიც არის დღეს ფონდის შემოსავლის წყარო, ეს ორგანიზაციები არ უნდა იყოს ჩვენთან, ჩვენ ალბათ მხოლოდ საინვესტიციო პროექტები ვმართოთ. ფორმალურად გაურკვეველია დღევანდელი სიტუაციით, რატომ უნდა არსებობდეს ფონდში, რაც გარკვეულ ხარვეზებს, პრობლემებს ქმნის. როდესაც არ მართავს კომპანიებს ამ კომპანიებზე პასუხისმგებლობაც ბუნებრივია არ უნდა იყოს.

- პრემიერის მხარდაჭერა თუ გაქვთ ამ მიმართულებით? 

- მოხარული ვარ, რომ პრემიერი ძალიან კარგად, გაერკვა ამ თემებში. ის ბორდის წევრიც იყო მაშინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. დღეს პრემიერი საკმაოდ აქტიურად არის ამ განხილვებში ჩართული. ცვლილებები, ვფიქრობ, რომ ფონდს მისცემს საშუალებას ზედმეტი პრობლემებისგან გათავისუფლდეს.

 - რა იქნება დაფინანსების წყარო რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდში? 

- ეს საკითხიც იხილება. ზოგადად, ასეთი ტიპის ფონდების - განვითარების ბანკების დაფინანსების წყარო ბიუჯეტია, თუმდა მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენ ბიუჯეტის გარეშე მოვახერხოთ ჩვენი საქმიანობა. ეს შეიძლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივებით მოხდეს. სხვადასხვა საპრივატიზაციო ობიექტების თუ უძრავი ქონების სახით, რომელიც შესაძლებელიცაა და აუცილებელიცაა, რომ ფონდმა გამოიყენოს სხვადასხვა ბიზნესპროექტებში ჩართულობით. 

მე შევამცირებდი იმ თანამონაწილეობასაც, რომლითაც ფონდი სხვადასხვა პროექტებში შედის. შესაძლებელია, რომ ჩვენი თანამონაწილეობა იყოს სახელმწიფო ქონებით და არა იმ ფულადი აქტივებით, რომლებიც ფონდს გააჩნია, რათა ფულადი აქტივების გამოყენების მინიმიზაცია გავაკეთოთ, რათა დავზოგოთ ამაში ფული. 

ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ითხოვს სახელმწიფოსთან პარტნიორობას, მათი ინვესტიციის გარკვეული გარანტია არის ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურა იქნება მათი პარტნიორი ბიზნესში. ჩვენ თუ ამას შევძლებთ ისე, რომ დიდი ფულადი აქტივების ნაცვლად პროექტებში შევალთ იმ დიდი მატერიალური აქტივებით, რომლებიც დღეს გამოუყენებელია დღეს სახელმწიფოსთვის და მაქსიმალურად გაავააქტიურებთ მის ბრუნვას, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ დიდი ფულადი კონტრიბუცია გავაკეთოთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები